ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, სტიქიის გამო თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს: კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვისის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე გამგეობის ჯგუფები.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის თითქმის ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის ქუჩები, სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.
გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.