ახალი ამბები

ბიუჯეტიდან დახარჯული 180 მლნ ლარი და განუხორციელებელი პროექტები – კვლევა

24 დეკემბერი, 2019 • 1543
ბიუჯეტიდან დახარჯული 180 მლნ ლარი და განუხორციელებელი პროექტები – კვლევა

საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის, სახელწოდებით “სავარაუდო კორუფციული ფაქტები ადგილობრივ თვითმმართველობებში”, შედეგად დადგინდა, რომ 2014-2018 წლებში სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალურ პროექტებზე დაიხარჯა 180 მილიონი ლარი, რომლის ძირითადი ნაწილიც არამიზნობრივად იქნა გამოყენებული.

“ღია საზოგადოება საქართველოს”, “თავისუფალი სიტყვის”, “მონაწილეობითი დემოკრატიისა” და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების “აი-ფაქტის” მიერ ჩატარებულ კვლევის ფარგლებში ავტორებმა 10 რეგიონი [კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯვახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარა] შეისწავლეს, თითო რეგიონიდან კი- 3 პროექტი.

კვლევის ავტორების განცხადებით, დადგინდა, რომ შესწავლილი 30 პროექტიდან 8 პროექტი დასრულდა, თუმცა არ მუშაობს, 16 პროექტი დასრულდა, თუმცა თავიდან არის გასაკეთებელი, 6 კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

რატომ ვერ განხორციელდა პროექტები

კვლევაში გამოყოფილია ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც მუნიციპალური პროექტების კვლევისას გამოიკვეთა:

  • საბიუჯეტო თანხა დახარჯულია, პროექტი შეუსრულებელი ან უხარისხოდ არის შესრულებულია;
  • ხშირ შემთხვევაში ტენდერი რამდენჯერმეა გამოცხადებული;
    სატენდერო ხელშეკრულებაში გზადაგზა ბევრი ცვლილებაა შეტანილი და გაზრდილია პროექტების ღირებულება;
  • მიღება-ჩაბარების აქტსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობაა;
  • სამუშაოების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი პირი პრაქტიკულად არ არსებობს;
  • შეუსრულებელ სამუშაოებზე ახალი ტენდერები ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩამოერთვა და გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ).

პროექტების ვერგანხორციელების მიზეზების გასარკვევად კვლევის მსვლელობისას ავტორებმა, მათი განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან და სამინისტროებიდან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, ასევე, კველვაში გამოყენებულია აუდიტის ანგარიშები და ექპეტრიზის დასკვნები, ინტერვიუები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ობიექტების ფოტო/ვიდეომასალები და პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებთან ჩაწერილი ინტერვიუები.

კვლევაში ასევე გამოყოფილია ის ძირითადი მიზეზები, რატომაც ვერ მოხერხდა პროექტების განხორციელება:

  • დაგეგმვის და დაპროექტების პრობლემა;
  • სამუშაოების არათანმიმდევრული შესრულება;
  • არაკეთილსინდისიერი კომპანიები;
  • პასუხიმგებელი პირების არგამოვლენა და დაუსჯელობა;
  • კომპეტენციის დაბალი დონე;
  • სამუშაოების დაბალი ფასი;
  • არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები და მაკონტროლებლები;
  • შესყიდვების სისტემის გაუმართაობა;
  • კორუფცია პასუხისმგებელ რგოლებში – ადგილებზე და ცენტრში.

ვინ არის პასუხსმგებელი

კვლევის პროექტის მენეჯერის, ელისო ჯანაშიას თქმით, პროექტების ვერგანხორციელებასა და თანხის გაფლანგვაში ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მხოლოდ ადგილობრივ თვითმართველობებზე გადააქვს, რაც მისი განმარტებით უსამართლოა, რადგან “არ შეიძლება მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობებს და რიგით ჩინოვნიკებს ჰქონოდათ პასუხისმგებლობა”.

ჯანაშიას განმარტებით, პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების მაკონტროლებელი არის ცენტრალური ხელისუფლება, შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები.

ჯანაშიას თქმით, ამ კვლევის პერიოდში გამოქვეყნდა 17 ჟურნალისტური მასალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალისტური გამოძიების პროცესში მოპოვებულ ფაქტებს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია:

“ინტერესი არ გამოუჩენიათ და არ ყოფილა მათი [სახელმწიფოს] მხრიდან რეაგირება. უფრო მეტიც, როცა ჩვენ მივმართავდით კომენტარისთვის, ხშირ შემთხვევაში თავს არიდებდნენ პასუხს, ან აბრალებდნენ არასწორ დაგეგმვას. გვეუბნებოდნენ, რომ პროექტი თავიდანვე არასწორად დაიგეგმა, პასუხისმგებელ პირზე ან სამინისტროზე კი არაფერს გვეუბნებოდნენ. დააბარალებდნენ შუა რგოლის მენეჯერებს, რომლებიც უკვე აღარ მუშაობდნენ უწყებაში”, – განმარტავს ჯანაშია.

ჯანაშია მიიჩნევს, რომ პროექტების ჩავარდნა დაკავშირებულია კომპლექსურ პრობლემასთან. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კონკრეტული პროექტების ვერგანხორციელებაში პასუხისმგებელი პირების გამორკვევა, რათა სამომავლოდ აღნიშნული პრობლემები აღარ განმეორდეს.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი