ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრებმა იჩხუბეს

24 დეკემბერი, 2019 • 2107
თბილისის საკრებულოს წევრებმა იჩხუბეს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გიორგი დოხტურიშვილი.

დაპირისპირება გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნამ, კომისიის სხდომა დაეტოვებინა ამავე კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ერეკლე კუხიანიძეს. დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი საკრებულოს დაცვის სამსახურმა განმუხტა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ერეკლე კუხიანიძეს უფლება არ აქვს, იყოს საკრებულოს წევრი მაშინ, როცა ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს. თავად ერეკლე კუხიანიძე კი მიიჩნევს, რომ მას არაფერი დაუშავებია და არ აპირებს საკრებულოს დატოვებას.

კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ცხინვალის ციხეში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” კუხიანიძე კომისიის თავმჯდომარეობიდან გადააყენა და უმრავლესობიდანაც გარიცხა, თუმცა ის საკრებულოს წევრად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი