ახალი ამბები

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ესპანეთში მილიონიან პენტჰაუსს ფლობს – ნოვაია გაზეტა

23 დეკემბერი, 2019 • 2316
მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ესპანეთში მილიონიან პენტჰაუსს ფლობს – ნოვაია გაზეტა

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ესპანეთში, ქალაქ ალტეაში პენტჰაუსს ფლობს, რომლის ფასიც დაახლოებით ერთი მილიონი ევროა – ამის შესახებ რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს.

გამოცემის თანახმად, სასულიერო პირის ბინა საცხოვრებელი მრავალსართულიანი კომპლექსის ბოლო 2 სართულზეა განლაგებული. ამ პენტჰაუსს აქვს ღია და დახურული ტერასები, აუზი, ორი საძინებელი და სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ბარბექიუსთვის. მთლიანად, ალფეევის ბინა 235 კვადრატულ მეტრს იკავებს და სულ მცირე 950 ათასი ევრო ღირს.

„ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ სასულიერო პირის მეზობლებს შორის მომღერალი თამარ გვერდწითელიც არის.

როგორ იყიდა მიწიერ სიამოვნებებზე უარის თქმის შემდეგ სასულიერო პირმა თითქმის მილიონიანი ბინა? – გამოცემა ამბობს, რომ ეს საკითხი გაუმჭვირვალეა.

„ნოვაია გაზეტა“ ამბობს, რომ ილარიონ ალფეევს საკმაოდ მცირე ხელფასი აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, მან გამოსცა ბევრი წიგნი, მიიღო მონაწილეობა ფილმების გადაღებასა და მუსიკალური ნაწარმობების შექმნაში, რაშიც მიტროპოლიტმა ჰონორარები აიღო.

ამასთანავე, გამოცემასთან საუბრისას ილარიონის მეზობლები ამბობენ, რომ ბინა მას უბრალოდ აჩუქეს.

ილარიონ ალფეევი არც საქართველოს ეკლესიისთვისაა უცნობი პირი.  სწორედ მიტროპოლიტი ილარიონი იყო ის ადამიანი, რომელიც ღიად მიანიშნებდა საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში დაემუქრება.

ვრცლად:

ალფეევის “მუქარა” საქართველოს ეკლესიას და პასუხი მღვდელმთავართა ნაწილისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი