ახალი ამბები

“ჩვენდამი ლოიალური სუბიექტების კერძო თანხებია” – თალაკვაძე ტროლ გვერდების დაფინანსებაზე

22 დეკემბერი, 2019 • 3030
“ჩვენდამი ლოიალური სუბიექტების კერძო თანხებია” – თალაკვაძე ტროლ გვერდების დაფინანსებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადაცემაში “კვირის თემა” ფეისბუკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაუქმებული პროსახელისუფლებო გვერდების დაფინანსებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის ფული არაა და 316 000 აშშ დოლარი, რომელიც ამ გვერდებმა მხოლოდ რეკლამაში დახარჯეს, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სუბიექტების კერძო თანხებია:

“იქ პრაქტიკულად ჩანს, რომ ეს არის ქსელი, რომელიც მუშობდა საქართველოში, რომელიც კერძო სპონსორებით არის დაფინანსებული. დანარჩენი ყველა ფული, გადასახადები რომელსაც ჩვენი მოქალაქები იხდიან, არის გამჭვირვალე. ბიუჯეტიდან ფიზიკურად შეუძლებელია ამისთვის თანხის დახარჯვა, ეს არის სრულიად გამჭვირვალე.

არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტები. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც შექმნეს ასეთი სუბიექტები, ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ რომ გააგრძელეთ დეზინფომრაციის კეთება? ასე ვერ მოხდება” – ამბობს არჩილ თაკავაძე.

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

ფეისბუკის ინფორმაციით, სულ წაშლილია 39 ყალბი ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი