ახალი ამბები

“პანდა” მიმართვას ავრცელებს

22 დეკემბერი, 2019 • 2913
“პანდა” მიმართვას ავრცელებს

სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელიც ფეისბუკმა რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“პანდა” აცხადებს, რომ მედიაში ინფორმაცია “არასწორი ინტერპრეტაციით” გავრცელდა თუმცა არ უარყოფენ, რომ კომპანია სოციალურ ქსელში “დიდ რესურსებს ფლობს და აქირავებს”. პანდას განცხადებით, მათი მომსახურებით 2 სხვადასხვა ტელეკომპანია, (ფორმულა და “მთავარი არხის”) იყო დაინტერესებული, თუმცა “მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება”. პანდას მიერ დასახელებული ორივე კომპანიაში ამ ცნობას ტყუილი უწოდეს.

“ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი რომ დამნაშავე ხარ.

უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი” – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

“პანდა” ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია მედიაში გადამოწმების გარეშე გარცელდა და ირწმუნებიან, რომ ფეისბუკს არ დაუდასტურებია კავშირი პანდას ოფიციალურ გვერდსა და დანარჩენ გვერდებს შორის, თუმცა “ფესიბუკის” განცხადებაში წერია, რომ მათმა გამოძიებამ სარეკლამო კომპანია “პანდასა” და აღნიშნულ აქტივობებს შორის, რის გამოც გვერდები წაიშალა, კავშირი დაადგინა. ინფორმაცია თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ აქ.

“ცრუ ლიბერალები, რომელბსაც სოციალურ ქსელში საზოგადოებაზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ პანდას დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულებების ადამიანებისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში ფეისბუკისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად ფეისბუკს არ დაუდასტურებია პანდას ოფიციალურ გვერდს და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი”, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook აცხადებს, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან, ასევე სარეკლამო კომპანია პანდასთან, იყო დაკავშირებული.

სარეკლამო სააგენტო პანდა ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სხვა, მუსიკალური პროექტით გახდა. საუბარია მუსიკალურ ჯგუფზე, რომლის რამდენიმე ვიდეო-კლიპმაც youtube-ზე ფურორი მოახდინა. მოგვიანებით პანდა სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

მასალების გადაბეჭდვის წესი