ახალი ამბები

გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

20 დეკემბერი, 2019 • 1963
გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

პრემიერი გიორგი გახარია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა. შეხვედირს დასრულების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გახარიას გარდა შეხვედრას ირაკლი ჩოქოვანი და ზურაბ აბაშიძეც ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ ექიმის დაკავების პირველივე დღიდან საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულნი.

“შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მათი თქმით, პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა დღეიდან კიდევ უფრო გააძლიერებენ [ძალისხმევას], რადგან ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო ზეწოლაა. ძალიან იმედიანად ვიყავით განწყობილნი და ამ განაჩენს ნამდვილად არავინ ელოდა”,-ამბობს თათა გაფრინდაშვილი.

ნეტგაზეთი მთავრობის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა პრესმსახურმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ შეხვედრა გაიმართა. სხვა ინფორმაციას ადმინისტრაცია არ ავრცელებს.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი