ახალი ამბები

გაფრინდაშვილის ოჯახი კვლავ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას

20 დეკემბერი, 2019 • 1162
გაფრინდაშვილის ოჯახი კვლავ ითხოვს პრემიერთან შეხვედრას

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას კვლავ ითხოვს. ამის შესახებ გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ ოჯახი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეურიგდება და კანონიერი ბრძოლის ყველა ბერკეტს გამოიყენებს. მისივე თქმით, შეხვედრა პრემიერთან მაქსიმალურად სწრაფად, თუნდაც, დღესვე უნდა მოხდეს.

„ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება ყოფილიყო ვაჟასთვის გამოტანილი, რომელსაც ჩვენ არასდროს შევეგუებით, რადგან ადამიანი ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ისჯება თავისი იდეებისთვის, სწორი იდეებისთვის, რომელსაც მთელი ცივილიზებული საზოგადოება ეთანხმება.

ჩვენ ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს და სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხი. ეს არის ღირსების საქმე, არა მხოლოდ ჩემთვის, მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, არამედ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლის ვალია ადამიანების უფლებების დაცვა“, – ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

მისივე თქმით, სხვა კონკრეტულ გეგმებზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, თუმცა, „აუცილებლად ვითხოვთ პრემიერთან პირად შეხვედრას და ვფიქრობ, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება“.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გაფრინდაშვილის ოჯახმა პრემიერმთან შეხვედრა 13 დეკემბერსაც ითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი