ახალი ამბები

შევეცდებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირების მობილიზება – აბაშიძე გაფრინდაშვილზე

20 დეკემბერი, 2019 • 994
შევეცდებით, გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირების მობილიზება – აბაშიძე გაფრინდაშვილზე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ბერკეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაა და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაძლიერდება.

“ჩვენ ხელთ გვაქვს მხოლოდ ერთი ბერკეტი – ეს არის ჩვენი საერთაშორისო კავშირები, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომ შევეცდებით, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ ბერკეტების ქმედითუნარიანობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე იმედოვნევს, რომ ეს აქტივობა შედეგს გამოიღებს.

“სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, რასაც ამ წუთებში განვიცდი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომის და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობაში დატოვეს. არ დარჩენილა არცერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვიყენებია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. მოგეხსენებათ, რუსეთის წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები, რომ იგი მალე გათავისუფლდებოდა. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ფრიად დრამატულია. ეს ამძიმებს ადგილზე ისედაც რთულ სიტუაციას უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ვითარების თვალსაზრისით, ქმნის დაძაბულობის ეკსალაციის საფრთხეს და არაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ  საერთაშორუსო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ჩვენი მოქალაქე დროულად უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს”, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა 1-წლიანი და 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი