ახალი ამბებიკომენტარი

ვისაუბროთ პრევენციაზე – თამარ გაგოშიძე

20 დეკემბერი, 2019 • 7242
ვისაუბროთ პრევენციაზე – თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგისა და ბავშვთა ფსიქოლოგის, თამარ გაგოშიძის თქმით, მოზარდთა გარდაცვალებისა და სუიციდის შემთხვევების დროს საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღება მართებს. ვინაიდან ასეთი თემების არასწორი გაშუქებით, შესაძლოა, სხვა მოზარდთა მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მიადგეს ზიანი.

„დღეს ყველა ვიშვერთ ხელს ერთმანეთისკენ და ვკითხულობთ, „რა მოხდა“?

რა მოხდა, პრინციპში, რთული სათქმელია, იმიტომ, რომ ეს სისტემური პრობლემაა. უკვე მერამდენედ მიდის ასე ახალგაზრდების სიცოცხლე და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ… არაფერს აკეთებენ ის ორგანიზაციები.. და ის, ვისაც ეს ხელეწიფება“,  – ამბობს გაგოშიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მართალია, ემოციურ საფუძველზე რიგი განცხადებების გაკეთება გასაგებია, თუმცა „უნდა ვიფიქროთ, ეს ემოცია, რა შედეგს მოიტანს. მიდის ტირაჟირება სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების“.

ნეიროფსიქოლოგი ამბობს, რომ გარდატეხისა და მოზარდობის ასაკის თავისებურებაზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რომ ბავშვები ძალიან ემოციურები არიან და მსგავს მოვლენებზე საუბრისას ძალაინ ფრთხილი უნდა ვიყოთ, რათა უარესი შედეგი არ დადგეს.

„ჩვენ ყველა ვყოფილვრთ მოზარდები და ყველას გვქონია სუიციდური აზრები და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ყველას გვინდა აღიარება. ყველას გვაქვს აღიარების მოთხოვნილება და განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდს…აღიარება სიკვდილის შემდეგ თუ იქნება, მაგაზეც თანახმა ხარ.

ამიტომ, დიდი თხოვნა მექნება საზოგადოების მიმართ – მესმის, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებებზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვბზე, რომლებიც სკოლებში სწავლობენ.

რომლებსაც ზუსტად იგივე პრობლემები აქვს ასეთი ცხოვრებისგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. და თუ ჩვენ აღარ გვინდა ასეთი ცხოვრება, მაშინ ეს ცხოვრება ჩვენ უნდა შევცვალოთ. და პერფორმანსებით ეს ცხოვრება არ იცვლება“, – ამბობს გაგოშიძე.

გაგოშიძე იხსენებს 2 წლის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი მოკლეს, და კითხვას სვამს: იმის შემდეგ რა გაკეთდა?! რა გააკეთა განათლების სამინისტრომ? რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ?

“მანდატურის სამსახური, ნულოვანი ტოლერანტობა – არ შველის ამ ამბავს. ამ ამბავს შველის ადამიანების გაზრდა, მაგრამ ჩვენ რომ ადამიანები გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერ ადამიანები. ჩვენ უნდა გავხდეთ და ვისწავლოთ პატივისცემა სხვა ადამიანების.

ბავშვებს რა ადარდებთ? – მათ პატივს არ სცემენ, მათ ღირსებას ლახავენ, არ ზრდიან პასუხისმგებლიან ადამიანებაად, ისინი ამას ჩივიან. შესაბამისად, ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვნი. ვისურვებდი, რომ პროგრამები… გამოიყო ბიუჯეტი? გამოიყო თანხები იმ პროგრმებთან დაკავშირებით, რომლებიც პრევენცის გააკეთებს? არ მომხდრა ეს, ჩვენ დღეს თუ არ დავიწყეთ ამაზე საუბარი, პრევენციულ ღონისძიებებზე, ერთმანეთის დადნაშაულებაზე კი არა, ყველა დამნაშავე ვართ“.

თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ თითოეულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე რეაგირება და დახმარება არაეფექტურია, ვინაიდან ამ პრობლემასთან ბრძოლას სჭირდება სისტემური მიდგომა, მათ შორის, ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა ჩართულობით.

გაგოშიძე ამბობს, რომ დღეს ყველა ერთმანეთზე ძალადობს, ბავშვი კი ამის მოდელირებას ახდენს.

“მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ ხდება ტირაჟირება ასეთი სასოწარკვეთილი ფრაზების და ნუ ხდება უბედურების პერფორმანსირება“, – ამატებს გაგოშიძე.

გარეკანი ფოტო: mshoblebi.ge.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ  სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა სწორედ მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მანამდე შსს აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ღამის 12-ის ნახევრამდე გაგრძელდა.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, დილით სკოლამ აღმოაჩინა, რომ გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული იყო წარწერები; სკოლამ წარწერების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით სათვალთვალო კამერები დაათვალიერა.

თოლორაიას თქმით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, კადრები აჩვენეს ბავშვებსაც და გამოიძახეს პოლიციაც, რადგან „ჩაითვალა, რომ სკოლისთვის მიყენებული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საფუძველს“.

ლონდა თოლორაიას თანახმად, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა ჩანაწერები“; ასევე, მისი ცნობით, „პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები“.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ორგანიზაცია ამბობდა, რომ განყოფილებაში დაკითხვის დროს მოზარდები ერთმანეთს დააპირისპირეს, რაც უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი.

საიას პოზიციით, ლუკა სირაძის მიმართ ზეწოლაში არამხოლოდ ჩოლოიანი, არამედ 3-4 პოლიციელი იყო ჩართული, რომელთა ბრალეულობის გამოვლენასაც საია ასევე ითხოვს.

სუიციდი არ არის გამოსავალი! 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

 

მასალების გადაბეჭდვის წესი