ლუკა სირაძეს გვიან ღამემდე 6 საათს ჰკითხავდნენ და ემუქრებოდნენ – ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ღამის 12-ის ნახევრამდე გაგრძელდა;

ინსპექტორის ცნობითვე, გამოკითხვისას მას გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ემუქრებოდა ძმისთვის პრობლემების შექმნით.

ინსპექტორი ადასტურებს იმასაც, რომ ლუკა სირაძეს გამოკითხვისას სხვა მოწმეები, მათ შორის მოსწავლეები, დაუპირისპირეს.

ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 19 დეკემბერს, 20:00 საათზე, ბრიფინგზე ჟურნალისტებს  გააცნო საქმის დეტალები, რაც ამჟამად აქვს ინსპექტორის სამსახურს გამოძიებული:

დილით სკოლამ აღმოაჩინა, რომ გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული იყო წარწერები; სკოლამ წარწერების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით სათვალთვალო კამერები დაათვალიერა.

თოლორაიას თქმით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, კადრები აჩვენეს ბავშვებსაც და გამოიძახეს პოლიციაც, რადგან „ჩაითვალა, რომ სკოლისთვის მიყენებული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საფუძველს“.

ლონდა თოლორაიას თანახმად, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა ჩანაწერები“; ასევე, მისი ცნობით, „პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები“.

„ამის შემდეგ შედის შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლის საფუძველზეც იწყება გამოძიება 187-ე მუხლით, ნივთის განზრახ დაზიანება. და საქმე ეწერება გამომძიებელ მ.ჩ-ს [მარიანა ჩოლოიანს]“, – განაცხადა თოლორაიამ.

თოლორაიას თანახმადვე, ჩოლოიანმა დაიწყო განყოფილებაში მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო ლუკა სირაძე. „ის მშობელთან ერთად მივიდა 17:00 საათზე. გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში ღამის 11:30 საათამდე იყო… ანუ მასთან გასაუბრების პროცესი გრძელდებოდა დიდხანს და ღამის საათებში“.

„ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, ამიტომ მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც იყვნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები.

ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ  მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ ის დანაშაულს არ აღიარებდა.

ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ლუკა სირაძეს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები“. 

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი – მარიანა ჩოლოიანი.

სუიციდი არ არის გამოსავალი! ამ თემაზე წაიკითხეთ:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com