ახალი ამბები

“ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ ბრალს არ აღიარებს” – დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

19 დეკემბერი, 2019 • 917
“ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ ბრალს არ აღიარებს” – დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა:

“მას შემდეგ, როდესაც საგამოძიებო ორგანომ წარუდგინა ბრალი, მან ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს”, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, დაკავებულს მეტყველება უჭირს და ხელი ვერც ბრალის დადგენილებას მოაწერა:

“რეალურად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს დღეის მდგომარეობით. ფაქტობრივად, დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა იმისთვის, რომ ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა ჩვენთან, ადვოკატებთან ერთად. ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. ვერბალური ურთიერთობით, რომელიც დამყარდა, თუ ვიმსჯელებთ, ბრალს არ აღიარებს. რეალურად, მეტყველება უჭირს. როგორც არამედიკოსმა, რაც ვნახე, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს რთული”, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალის დადგენლებას ხელი მოაწერა გარეშე პირმა, რადგან თავად ჩოლიანმა ეს ვერ შეძლო:

“ვინაიდან ბრალდებულმა ჯანრმთელობის მდგომაროების გამო ვერ შეძლო ბრალის დადგენილებაზე ხელის მოწერა, საჭირო გახდა გარეშე პირის მოწვევა. გარეშე პირად შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას მართლა გაეცნო ბრალი” , – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება კონკრეტულ დიაგნოზს, ადვოკატი ამბობს, რომ ამას საზოგდოება მალე შეიტყობს. დაცვის მხარის თქმით,  ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკისთვის წერილობით მიმართვას გეგმავს:

“კონკრეტულ დიაგნოზს მალე შევიტყობთ. უშუალოდ ექიმი დღეს ვერ ვნახეთ”, – ამბობს ადვოკატი.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

სუიციდი არ არის გამოსავალი! ამ თემაზე წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი