ახალი ამბები

აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს

19 დეკემბერი, 2019 •
აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, თავდაპირველად SOVA NEWS-მა, Русский мир-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა.

რუსეთის მეცნიერების და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ Русский мир არ წერს, თუმცა პორტალზე, ორგანიზაციების ჩამონათვალში გვხვდება “მეცნიერების და კულტურის რუსული ცენტრი რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან საქართველოში”. უცნობია, რომელ წელსაა გაკეთებული ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი. მითითებულ ტელეფონის ნომრებზე არ პასუხობენ. ამჟამად საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ არსებობს, შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს რუსეთის ინტერესების სექცია.

ფონდი “Русский мир”, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2007 წელს შეიქმნა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტია. ოფიციალურად, ფონდის მიზანია რუსული ენის პოპულარიზება, რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციაში და მის საზღვრებს გარეთ.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა მსგავსი დასახელების ცენტრი თბილისში მაშინ, როდესაც რუსეთის საელჩო ფუნქციონირებდა, თუმცა ამბობს, რომ დღესდღეობით რაიმე ახალი ცენტრის გახსნა არ დასტურდება.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლახან შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციასთან ვითომ გაიხსნა კულტურის ცენტრი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება, რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაამოწმოთ შვეიცარიის საელჩოში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ზურაბ აბაშიძემ.

შვეიცარიის საელჩოში, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია ფუნქციონირებს, აცხადებენ, რომ ამოწმებენ ინფორმაციას ცენტრის გახსნის შესახებ.


მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, პრაღის  ფორმატშ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში გაიხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კარასინმა მას ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ რუსული ენის კურსების თაობაზე, რომლიც გახსნასაც რუსეთის სავიზო ცენტრი აპირებდა. მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, ასევე, განაცხადა, რომ “თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება, ამაზე აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს”.

ვებ-გვერდ IFact-ის მიერ 2018 წელს დამუშავებული მონაცემებით, რუსეთის მთავრობის ფონდები საქართველოში 21 არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ. ყველა მათგანი ძირითადად ეწევა რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციას.

ამ თემაზე:

2 პოტენციური საფრთხე რუსული კულტურის ცენტრისგან საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი