ახალი ამბები

სისტემა დაინგრა, შემსრულებლები არ არიან მისგან გათავისუფლებულები – ვოლსკი

18 დეკემბერი, 2019 • 1488
სისტემა დაინგრა, შემსრულებლები არ არიან მისგან გათავისუფლებულები – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ეხმაურება 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვას და აცხადებს, რომ ძალადობრივი სისტემა დიდი ხანია დაინგრა, თუმცა მის კვალს უკვალოდ არ ჩაუვლია და „პერიოდულად გვახსენებს თავს“.

„ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვანებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცედენტო ხარისხით“, — დაწერა გიორგი ვოლსკიმ ფეისბუკის პირად ანგარიშზე 18 დეკემბერს

„მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან განთავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით“, — დაწერა მან.

ვოლსკი ლუკა სირაძის გარდაცვალებას უსამძიმრებს მის ოჯახსა და საზოგადოებას და ასევე წერს: „ამაზრზენია იმის ყურებაა, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები“. 

მოგვიანებით გია ვოლსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გაავრცელა განცხადება, სადაც წერს:

თუ ამ ყველაფერს ისეთი რეალიზების მექანიზმები არ ექნება, რომელიც ყველა სტრუქტურაში იქნება გასული, დაწყებული ერთი პოლიციელიდან დასრულებული მინისტრებით და თუნდაც, არასამთავრობო ორგანიზაციებით, თუ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი არ გაერთიანდა, სანამ ასეთ ფაქტებზე პოლიტიკური სვავების ,,პარპაში” იქნება, ამ საკითხს არაფერი ეშველება.

საკანონმდებლო ბაზის, სტრუქტურებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით უპრეცედენტოდ ლოალური დამოკიდებულების მიუხედავად, ვფიქრობ, სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს მთლიანად აღზრდის სისტემასა და არასრულწლოვნებთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამას საჭიროებს.

არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პოლიციელის თემაა, ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება უფრო ღრმად უნდა დაფიქრდეს და იმოქმედოს“.


15 წლის ლუკა სირაძე თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს გარდაიცვალა კლინიკაში.

გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მისი ძმა „ნეტგაზეთთან“ ამბობდა, რომ ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და ითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ თავის ყოფილ სკოლაში, „მწვანე სკოლაში“ შეიპარა და კედელზე წარწერები დატოვა.

„მწვანე სკოლა“ აცხადებს, რომ პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი — მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

„მწვანე სკოლაში“ სწავლა მომდევნო კვირის ორშაბათამდე შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი