ახალი ამბები

“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა” – წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე

18 დეკემბერი, 2019 • 1377
“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა” – წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაცილებით გამჭვირვალედ წარიმართა, ვიდრე ეს ხდება დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის შესახებ წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად უცხოელი პარტნიორების განცხადებები იყო, თითქოს სასამართლო სისტემა დაიქცა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში უფრო ობიექტური შეფასებების გააკეთეს.

“ნებისმიერი მათი მოსაზრება ჩვენთვის საყურადღებოა. გუშინდელ და დღევანდელ განცხადებებს არ ვგულისხმობ, უფრო წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სავსე იყო მხოლოდ ნეგატივით, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო იყო. რეალურად არაობიექტურობის ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის 4 ტალღა გაატარა უმოკლეს დროში, მაშინ როდესაც  ევროპაში თითქმის ორი წელი სჭირდება კანონში თითო მუხლის შეცვლას.

“როდესაც ჩვენს კოლეგებს ვეუბნებით, რომ ეს კანონი თუ იქნება თქვენს ქვეყანაში შეცვლილი, ჩვენ უფრო უკეთესად შევებრძოლებით, მაგალითად, ორგანიზებულ დანაშაულს, ხშირად მიმიღია პასუხი, რომ ვმუშაობთ და ეს მუხლი რომ შევცვალოთ, 1,5 წელი გვჭირდებაო. ჩვენმა ხელისუფლებამ 7 წლის მანძილზე 4 ფუნდამენტური რეფორმა გაატარა სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, შეფასებები იყოს უფრო ობიექტური, მაგალითად, როგორიც იყო დღეს, ითქვა, რომ პროგრესი სახეზეა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან ღიაობაში და თანამშრომლობაში ხელშეშლა არც არაობიექტური და მწვავე კრიტიკის პირობებში ექნება.

“რა თქმა უნდა, უკეთესად უნდა ვიმუშაოთ, მათთან რომ მიედინებოდეს უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია. ისინი ოპოზიციისგანაც, ზოგიერთი ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან ღებულობენ ინფორმაციას, თითქოს აპოკალიფსი მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, ბევრი გარდაქმნა კიდევ აუცილებელია, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა, უცხოელებმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მე რჩევაც მივეცი ევროპელებს, რომ თქვენც ჩაატარეთ-მეთქი ლაივში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, რასაც, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი