ახალი ამბები

ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას – “მწვანე სკოლა”

17 დეკემბერი, 2019 • 3866
ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას – “მწვანე სკოლა”

“მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ოჯახს უსამძიმრებს მომხდარის გამო.

“უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებთ მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას”, – ნათქვამია “მწვანე სკოლის” განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძე დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს.

მთავარ ფოტოზე: წარწერა “მწვანე სკოლაში”, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი