ახალი ამბები

საკრებულოს უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა, ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს

17 დეკემბერი, 2019 • 1021
საკრებულოს უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა, ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს

ოპოზიციის რამდენიმესაათიანი მოლოდინის მიუხედავად, თბილისის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” არ ჩანიშნა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ერეკლე კუხიანიძის პარტიიდან გარიცხვაზე და თანამდებობის დატოვებაზე იმსჯელებდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ არ დაასახელა, იქნება თუ არა ასეთი სხდომა და რა გეგმები აქვს “ქართულ ოცნებას” კუხიანიძესთან დაკავშირებით.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი მოითათბირებენ და გადაწყვეტენ, რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი. ასევე, შესაძლოა, აქტივისტების ნაწილი საკრებულოს შენობაში დარჩეს.

“ამდენი საათი ვისხედით და ველოდებოდით, რომ იმ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდნენ, რომ უმრავლესობის სხდომა ჩაენიშნათ სასწრაფოდ. თუ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს არის სასწრაფო საკითხი და ზოგად განცხადებებს აკეთებენ, რომ როდესღაც გადაწყვეტენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ შევალთ და მოვთხოვთ პასუხს, როდის აპირებენ, რომ გააგდონ კუხიანიძე საკრებულოდან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის თქმით, ყველანაირი ულტიმატუმი ამოიწურა და ისინი აპირებენ პროტესტის გაგრძელებას.

“ვიცი, რომ განიხლებოდა საკითხი ჩემი, ელენეს და სხვა აქტივისტების ძალის გამოყენებით აქედან გაგდების. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საკითხსაც განიხილავენ. მაგრამ პროტესტის გრძელდება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საკრებულოში ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერები. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ კუხიანიძე დეპუტატის მანდატს არ დატოვებს.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი