ახალი ამბები

მუნიციპალიტეტები შშმ პირებზე ბიუჯეტიდან მინიმალურ თანხას ხარჯავენ – კვლევა

17 დეკემბერი, 2019 • 1354
მუნიციპალიტეტები შშმ პირებზე ბიუჯეტიდან მინიმალურ თანხას ხარჯავენ – კვლევა

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე გაწეული ხარჯი მინიმალურია და მისი წილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 0.5%-დან 1.5%-მდე მერყეობს.

კვლევა საქართველოს ხუთ რეგიონში ჩატარდა: ბათუმში, გურჯაანში, ოზურგეთში, თელავსა და ხელვაჩაურში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გაწეული ხარჯის მიხედვით, ამ ხუთი რეგიონიდან ლიდერობს ბათუმი, რომელმაც 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი ბიუჯეტის 1.5% (1.6 მლნ ლარი) დახარჯა. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გურჯაანშია, სადაც ამ საკითხებზე მთლიანი ბიუჯეტის 0.5% ანუ 58 470 ლარი დახარჯეს.

მუნიციპალური პროგრამები

დღეს, 17 დეკემბერს, გამოქვეყნებულ კვლევაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ხარჯები ძირითადად მოდის შშმ პირებისთვის მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებზე. აქვე აღნიშნულია, რომ შშმ პირთა გაეროს უფლებების კონვენციის მიხედვით, სოციალური პირობების გაუმჯობესებით უნდა ჩანაცვლდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამები.

“პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სხვა უფლებების – შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირების, ინფორმაციის და მომსახურების ადაპტირებული ფორმით მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრების, დასაქმების, ინკლუზიური განათლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების მაგალითები”, – ნათქვამია ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” კვლევაში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არაეფექტიანად ანაწილებენ თანხებს, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ადგილობრივ და ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა მითითებული. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ფინანსდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით უკვე დაფინანსებულია.

მსგავსი პრობლემის მიზეზად კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებში მომუშავე არაკვალიფიციური კადრები, დაბალი ბიუჯეტი და სუსტი ადმინისტრაციულ-მენეჯმენტური სისტემაა დასახალებული. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას შშმ პირთა საჭიროებების აღმრიცხველი ბაზების არარსებობა სახელდება:

“საყურადღებოა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, იმ პირთა რაოდენობა, რომელიც თავის თავს მიიჩნევს ამა თუ იმ შეზღუდვის მქონედ, მნიშვნელოვნად აღემატება შშმ სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას”, – ვკითხულობთ კვლევაში.

რეკომენდაციები

კვლევის მიხედვით, თითოეულ რეგიონს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია მიესადაგება, თუმცა ყველასთვის საერთოა შემდეგი ტიპის რეკომენდაციები:

  • შშმ პირების განათლება;
  • მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
  • აბილიტაცია და რეაბილიტაცია;
  • შრომა და დასაქმების უზრუნველყოფა;
  • ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა;
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • შშმ პირების შესახებ სტატისტიკისა და მონაცემთა შეგროვება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შეესაბამება “ევროპის საბჭოს შეზღუდული შესაძლებლობების 2017-2003 წლების სტრატეგიით – ადამიანის უფლებები: რეალობა ყველასთვის” გათვალისწინებულ პრინციპებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პროგრამების მონიტორინგის უზრუნველყოფა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა შეისწავლონ, თუ რა ზეგავლენას მოახდინა კონკრეტულმა პროგრამამ კონკრეტული ბენეფიციარის მდგომარეობაზე და როგორ უზრუნვეყოფს პროგრამის აქტივობა შშმ პირთა კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას. რეკომენდაცია ამ მიმართულებითაც გაიცემა, რომლის მიხედვითაც, პროგრამის ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგის ერთეულის არსებობა, რომელიც ხარისხსა და მიღწეულ შედეგებს შეაფასებს.

დოკუმენტში ასევე რეკომენდაციის სახით ხაზგასმულია შშმ საკითხებზე მომუშავე საბჭოების გავლენის და როლის ზრდაც. აღნიშნული საბჭოები შედიან როგორც მუნიციპალიტეტების წარმოამდგენლები, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად განიხილავენ მომდევნო წლის საჭიროებებს და ამის მიხედვით მონაწილეობენ ბიუჯეტის შედგენაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი