ახალი ამბები

თსუ-მ „სირცხვილიას“ საჯარო ლექციისთვის აუდიტორია არ დაუთმო

17 დეკემბერი, 2019 • 1580
თსუ-მ „სირცხვილიას“ საჯარო ლექციისთვის აუდიტორია არ დაუთმო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მხარდამჭერებს საჯარო ლექციის გამართვისთვის აუდიტორია არ დაუთმო. უნივერსიტეტი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს უნივერსიტეტში შეხვედრების ორგანიზება ეზღუდებათ.

თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ მოძრაობამ – „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“ – გაავრცელა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათ დაწერეს, რომ გუშინ, 16 დეკემბერს უნივერსიტეტის კანცელარიაში შეიტანეს განცხადება აუდიტორიის გამოყოფის შესახებ, რათა ჩაეტარებინათ საჯარო ლექცია სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე და მიეწვიათ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები.

„დღეს კი დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიზეზად კი უნივერსიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომელიც პარტიული ჯგუფებისთვის უნივერსიტეტის სივრცის დათმობას კრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განვუმარტეთ, რომ „სირცხვილია” არ არის პარტიული პოლიტიკური ჯგუფი, არამედ სამოქალაქო მოძრაობაა, პასუხი იყო, რომ უნივერსიტეტი არავის უშლის სამოქალაქო აქტივიზმს უნივერსიტეტის გარეთ. სიამაყით ამბობდა, რომ თსუ-ს ბევრი სამოქალაქო აქტივისტი სტუდენტი ჰყავს“, – წერს ორგანიზაცია.

მოძრაობა ამბობს, რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მათივე თქმით, თსუ-სთან პრობლემა 25 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობის დროსაც ჰქონდა: “უნივერსიტეტის ეზოში გამართული აქციიდან მოულოდნელად გაქრა ხმის გამაძლიერებლები და აპარატურა, რომლებიც უნივერსიტეტს ვთხოვეთ აქციის სრულყოფილად ორგანიზებისთვის“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში იცავს წესს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ თუ ასოცირებულ ორგანიზაციებს, ასევე, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილე ჯგუფებს ეზღუდებათ ჩვენს სივრცეში შეხვედრების ორგანიზება.

დღემდე არ ყოფილა შემთხვევა როცა სახელისუფლებო ან ოპოზიციურ პარტიებს ან მათთან მოაზრებული ჯგუფების წარმომადგენლებს გაემართოთ თსუ-ში რაიმე სახის ღონისძიება. რაც შეეხება ზოგადად სამოქალაქო აქტივობას ან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, ყველა თავისუფალია არჩევანში და ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას ეწევიან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი