ნეტგაზეთი | დეფიბრილატორის ფასზე სამინისტრო დათმობაზე მიდის – 520-ე დადგენილება დეფიბრილატორის ფასზე სამინისტრო დათმობაზე მიდის – 520-ე დადგენილება – Netgazeti
RU | GE  

დეფიბრილატორის ფასზე სამინისტრო დათმობაზე მიდის – 520-ე დადგენილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დეფიბრილატორის ფასს სახელმწიფო არა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით, არამედ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯებით დაადგენს. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს განაცხადა.

520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებათა ნაწილი ამბობდა, რომ დეფიბრილატორის მომწოდებელი ბაზარზე სულ 3 კომპანია იყო და მათი ფასი დაახლოებით 5000 დოლარს შეადგენდა. სამინისტრომ კი დეფიბრილატორისთვის მხოლოდ 9000 ლარი განსაზღვრა.

“ჩვენ ფინანსური ინფორმაცია ძალიან ბევრი კლინიკისგან მივიღეთ. უკვე ძალიან სრულყოფილი მონაცემთა ბაზა გვაქვს და ეს მონაცემები მუშავდება. უკვე გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებისა და კორექტირების საკითხი. მაგალითისათვის მინდა გითხრათ, რომ დეფიბრილატორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, დეფიბრილატორის ფასი ანაზღაურდეს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით”,-ამბობს გაბუნია.

ნეტგაზეთის კითხვაზე, დეფიბრილატორის მსგავსად, თუ გავრცელდება ფაქტიური დანახარჯებით ანაზღაურება სხვა სამედიცინო სერვისებზეც, გაბუნია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ დეფიბრილატორს შეეხება.

დეფიბრილატორი გამოიყენება კარდიოქირურგიაში. ეს არის ელექტრული აპარატი, რომელსაც იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად (მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით).

ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის მოსმახურების ფასები გათანაბრდა. ანუ კლინიკები მომსახურებას არა საკუთარი, არამედ სამინისტროს მიერ გამოანგარიშებული ტარიფებით გასწევენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com