ახალი ამბები

სოლიდარობა ზუგდიდიდან 15 წლის ბავშვს – „ამ ცხოვრების დედაც!“

16 დეკემბერი, 2019 • 1782
სოლიდარობა ზუგდიდიდან 15 წლის ბავშვს – „ამ ცხოვრების დედაც!“

ზუგდიდში სოლიდარობა გამოუცხადეს 15 წლის ბავშვს, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციაში გამოკითხვისა და ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

„ამ ცხოვრების დედაც“, — ეს წარწერა ზუგდიდში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე, მანათობელ ბანერთან და დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 დეკემბერს გაჩნდა.

ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, 15 წლის მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.

მისი ძმა „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ 15 წლის ბავშვს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მის ძმას პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

მსგავსი წარწერები 15 დეკემბერს მოძრაობა „სირცხვილიამ“ დატოვა თბილისში. „სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელიც მსგავსი წარწერების გამო, პოლიციამ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა და ახლა სიკვდილს ებრძვის“, – დაწერა მოძრაობამ ფეისბუკზე. ბავშვი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი