ახალი ამბები

კვლევა: რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბავშვთა დაცვის ინდექსი დაბალია

5 ივნისი, 2015 •
კვლევა: რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბავშვთა დაცვის ინდექსი დაბალია

ინდექსის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა. ჩატარებული კვლევის შედეგები დამოუკიდებელმა კონსულტანტმა ენდი ბუთმა წარმოადგინა. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ეროვნული კოალიციის ცნობით, ბავშვთა დაცვის ინდექსის შემუშავებაზე ექსპერტები და იურისტები 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, საბოლოო შედეგები კი რუმინელმა კონსულტანტებმა გადაამოწმეს.

ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტაცია სასტუმრო
ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტაცია სასტუმრო ‘ამბასადორში’ 05.06.2015

ინდექსის პრეზენტირებისას ენდი ბუთიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია იმ ბავშვებისთის, რომელთაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. გასაზრდელია ხელმისაწვდომობა; მზრუნველობისა და საგანმანათლებლო სფეროებში მათთვის არ არის კარგად ინტეგრირებული გარემო.

 

ასევე, ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბავშვთა პოლიტიკისა და სტრატეგიების კუთხითაც დაბალი მაჩვენებელი აქვს. ენდი ბუთის თქმით, ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩო გაეროს კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას. 

 

საქართველოს დაბალი მაჩვენებელი აქვს დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებითაც. ენდი ბუთის განმარტებით, ფინანსური სტანდარტები დაკავშირებული უნდა იყოს ხარისხის მაღალ სტანდარტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე დაფინანსება სერვისების ხარისხიანად მისაწოდებლად.

 

ენდი ბუთი ამბობს, რომ საქართველოს არც ისე კარგი მაჩვენებელი აქვს იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც იხარჯება სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ დაცვასა და ბავშვის ოჯახის მხარდაჭერაზე. ასევე, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რათა გავიგოთ, თუ რა თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან ბავშვთა საკითხებზე.

 

“ბიუჯეტის ნაწილში საქართველოს მთელ რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს,”– განაცხადა მან.

 

ენდი ბუთი ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტირებისას 05.06.2015
ენდი ბუთი ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტირებისას 05.06.2015

ენდი ბუთის თქმით, საქართველომ უფერო მეტი უნდა იმუშაოს შშმ ბავშვების, ბავშვთა შრომის, ნარკოტიკების მსხვერპლი ბავშვებისა და ქუჩის ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება საკანონმდებლო საკითხებს, ენდი ბუთი ამბობს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რათა კანონმდებლობა კონვენციის მოთხოვნებს შეუსაბამოს. მისივე თქმით, არ არსებობს საპარლამენტო ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბავშვთა უფლებების დაცვაზე; არ არსებობს კონსულტაციების მუდმივი მექანიზმი მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბავშვებს შორის, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკის განვითარებას ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

 

ასევე, მისი განცხადებით, როდესაც ბავშვის დაცვას ეხება საქმე, ცენტრალურ და ადგილობრივ უწყებებს შორის კოორდინირების მექანიზმიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

 

ენდი ბუთმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და განაცხადა, რომ აპარატი ძალიან აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვის საკითხებზე. ბუთის თქმით, ბავშვთა დაცვის საკითხებში, პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის იმპლემენტაციას შორის ნაპრალი ძალიან მცირეა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ამ კუთხით მაღალი მოთხოვნები არ არის. მან აღნიშნა, რომ როდესაც დაბალი საკანონმდებლო ჩარჩოთი იწყებ საქმიანობას, ძნელია მიაღწიო კანონის იმპლემენტაციის იმაზე მაღალ ხარისხს, ვიდრე ამის საშუალებას სამართლებრივი ჩარჩო იძლევა. მისი განცხადებით, თუკი საქართველო საკანონმდებლო დონეზე შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს, მაშინ ის ბავშვთა დაცვის ინდექსში ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

 

“თუ პოლიტიკას გააუმჯობესებთ, იმპლემენტაცია აუცილებლად მიჰყვება მას ფეხდაფეხ,”– აღნიშნა მან.

 

ინდექსის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი სოციალური გარემოს შეფასებაც იყო, სადაც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ენდი ბუთის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სოციალური მუშაკის პროფესია კანონით არ არის კარგად დარეგულირებული:

 

“არ არის პროფესიული ორგანო, რომელიც ოფიციალურად პასუხს აგებს ლიცენზირებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, უწყვეტ ტრენინგებზე. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ქულა არის დაბალი,”– თქვა მან.

 

ენდი ბუთი განმარტავს, რომ ინდექსის გამოთვლისას 500–ზე მეტი ინდიკატორი იყო გათვალისწინებული. თითოეული ინდიკატორი კითხვების სახით იყო ჩამოყალიბებული და მას პასუხების არჩევის 3 შესაძლო ვარიანტი ჰქონდა: “კი”, “არა” და “ნაწილობრივ”. ამ ინდიკატორების გაზომვის შემდეგ შეგროვებული პასუხები ქულებად გარდაიქმნა, შედეგად კი ინდექსის გამოთვლა გახდა შესაძლებელი.

 

საქართველო პირველია ამ ხუთი ქვეყნიდან, სადაც ბავშვთა დაცვის ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი