ახალი ამბები

“ორსიჩქარიანი ინტეგრაციის” პროცესი – NGO-ების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

16 დეკემბერი, 2019 • 2414
“ორსიჩქარიანი ინტეგრაციის” პროცესი – NGO-ების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) პროგრამა, რომელიც 10 წლისაა, ახალ მიდგომებს საჭიროებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები ევროკავშირმა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს. დღეს, 16 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონში” გამართულ კონფერენციაზე ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ და რეკომენდაციები:

  • რონდელის ფონდი;
  • ლევან მიქელაძის ფონდი;
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;
  • საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები: დავით სონღულაშვილი და თამარ ხულორდავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და სამოქალაქო საოზგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიაციების აზრით, მნიშვნელოვანია, გაცხადდეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე 3 ქვეყნისთვის, რათა ევროინტეგრაციის პროცესს დამატებითი დამაბრკოლებელი ბარიერი მოეხსნას. NGO-ების შეფასებით, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების ხელშეკრულების სახით საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა ის სარგებელი მიიღეს, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისწინებდა და მათთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭება ევროინტეგრაციის პროცესს და საჭირო რეფორმების განხორციელებას ახალ იმპულსს მისცემდა.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არარეგულარული მიგრაცია – ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესი,  ევროსკეპტიციზმისა და პოპულიზმის მზარდი ტენდენცია, რასაც ემატება რუსეთის პირდაპირი და ირიბი გავლენები.

NGO-ების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ მომავალი ათი წლის მანძილზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შენარჩუნების პარალელურად, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება და დიფერენციაცია. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ინდივიდუალური პოლიტიკური მიდგომები უნდა შესთავაზოს.

“მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ განიხილებოდეს, აუციელებლია, რომ ევროკავშირმა უარი არ თქვას საშუალოვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ამ პერსპექტივის აღიარებაზე. მეორე მხრივ, საჭიროა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა მართონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინები”, – ნათქვამია კვლევაში.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, საჭიროა, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნირობის შიგნით „ორსიჩქარიანი ინტეგრაციის“ პროცესის შექმნას შეუწყოს ხელი და ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, უფრო მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ. საუბარია ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში განსხვავებული მოდელის შეთავაზებაზე. კვლევის ავტორები ერთ-ერთ ასეთ ფორმად ევროკავშირს სთავაზობენ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროპის ეკონომიკური სივრცის მსგავსი ფორმატის ჩამოყალიბებას.

ამავდროულად, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა „მეტი მეტისთვის“ პრინციპის შენარჩუნება აზერბაიჯანის, ბელარუსისა და სომხეთისთვის, რათა მათ უპასუხონ ამ ქვეყნებში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებს.

“ევროკავშირმა უნდა შეძლოს შიდა კრიზისებისა და გარედან, კერძოდ რუსეთიდან, მომავალი საფრთხეების განეიტრალება, რომელიც ყველანაირად ცდილობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განადგურებას”, – ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებში.

NGO-ების აზრით,  ასევე მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და გააძლიეროს ისინი, რათა მათ უფრო ეფექტურად მოახერხონ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლიერება გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და თქვა, რომ არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის ხედვა თანხვედრაში მოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ.

“ჩვენ გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, როდესაც ვმუშაობდით მთავრობის პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ. ამ მუშაობაში გამოჩნდა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ერთიანი პრიორიტეტები გვამოძრავებს, საერთო ხედვა გვაქვს. საერთო ხედვები გვაქვს როგორც ინსტიტუციონალურ მოწყობასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიმართებით, ასევე, ახალი დაფინანსების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმი შეიძლება დღეს არ იყოს მიმართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუმცა ხელს გვიწყობს და გვეხმარება მაქსიმალურ ინტეგრაციაში ევროკავშირთან”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ და რეკომენდაციები ევროკავშირისთვის სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:

ამავე თემაზე

“ტრიო +” – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის სტრატეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი