ახალი ამბები

“ოცნების” საზეიმო შეკრება დაახლეობით ერთ საათს გაგრძელდა – ვინ [არ] მიმართა შეკრებილებს

14 დეკემბერი, 2019 • 2572
“ოცნების” საზეიმო შეკრება დაახლეობით ერთ საათს გაგრძელდა – ვინ [არ] მიმართა შეკრებილებს

“ქართული ოცნების” ორგანიზებული საზეიმო შეკრება თბილისში, რომელზე დასასწრებადაც რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოიყვანეს,  თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეირვერკებით დასრულდა.

შეკრებილებს თავდაპირველად “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს – ოფიციალურ ცნობით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საზეიმოდ აღნიშვნა იმ ფაქტის, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმდჯომარე ქვეყანა გახდა.

მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში- ივანიშვილის სიტყვა “ოცნების” ზეიმზე

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს “ოცნების” ლიდერებიდან ჯერ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა, შემდეგ პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ. შეკრება კი “ქართული ოცნების” თავმმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასრულდა. გამომსვლელებს შორის არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, არც სხვა დეპუტატები მმართველი პარტიიდან, თუმცა ისინი შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად- გახარია


აქციაზე დილიდან ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიკროავტობუსით მოქალაქეები.  “ოცნების” მხარდამჭერების გარდა აქ  იყვნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, რომლებიც “ნეტგაზეთთან” ანონიმურად ყვებიან, რომ არ სურდათ, თუმცა  ირიბად აიძულეს შეკრებაში მონაწილეობა.

შეკრების პარალელურად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ელაპარაკება შეკრებაზე მყოფი ქალი ტელეფონით და ისმის:

“რატომ არ წამოხვედი? იცი, რომ სამსახურს დაკარგავ?”.   ჯერჯერობით უცნობია მისი ვინაობა და ნამდვილად აიძულებდა თუ არა მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობას.

რატომ არ წამოხვედი, იცი, რომ სამსახური აღარ გექნება? – ქალი ტელეფონზე “ოცნების” აქციიდან

 

„მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ“, – განაცხადა ომბუდსმენმა 13 დეკემბერს.


14 დეკემბრის აქციაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯები ცხადია ქართულმა ოცნებამ დააფინანსა, რადაგანაც იყო ორგანიზებული ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ, – განაცხადა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ 14 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში, თუმცა არ უტქვამს საერთო თანხის ოდენობა და აღნიშნა, რომ გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი