ახალი ამბები

რეგიონებიდან თბილისში “ოცნების” ზეიმზე დასასწრებად – მხარდამჭერები და იძულებულები

14 დეკემბერი, 2019 • 1835
რეგიონებიდან თბილისში “ოცნების” ზეიმზე დასასწრებად – მხარდამჭერები და იძულებულები

საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ხელისუფლების დაგეგმილ ზეიმზე დასასწრებად მოემგზავრებიან “ოცნების” ხელისუფლების მობილიზებული საქართველოს მოქალაქეები – “ოცნების” მხარდამჭერები და ისინიც, ვინც მხარს არ უჭერს ბიძინა ივანიშვილის პარტიას, თუმცა საჯარო მოხელე ან მასწავლებელია.

მოქალაქეები ბათუმიდან, ზუგდიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რეგიოენბიდან რეგიონებიდან მიკროავტობუსებით დილით გამოემგზავრნენ.

 

ხელისუფლებამ 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმა აქცია და მოქალაქეებს მოუწოდა იზეიმონ ის, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლებას სინამდვილეში ძალის დემონსტრირება სურს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ქვეყნების წვლილზე არაა დამოკიდებული – წევრ ქვეყნებს კომიტეტის თავმჯდომარეობა ანბანის მიხედვით უწევთ. საქართველო ორგანიზაციას 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადააბარებს.

საქართველოს რეგიონებიდან მიკროავტობუსები დღეს დილიდან დაიძრნენ თბილისისკენ.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, “ოცნების” მხარდამჭერების გარდა თბილისში მომემგზავრებიან ისინიც, რომლებსაც ხელისუფლების დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობა არ სურთ, თუმცა იძულებული არიან – 13 დეკემბერს “ნეტგაზეთს” სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებმა არაერთმა მასწავლებლებმა და საჯარო მოხელემ უთხრა, რომ აქციაზე დასწრება დაავალეს, არ სურთ, თუმცა იძულებული არიან. ყველამ ანონიმურად დარჩენა ისურვა.

თბილისში “ოცნების” ზეიმი 16.00 საათზეა დაგეგმილი.

ხვალიდნელი ღონისძიების გამო მოძრაობა შეიზღუდება – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი