ახალი ამბები

რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა, სხდომა აღარ განახლდება – პარლამენტი

13 დეკემბერი, 2019 • 1686
რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა, სხდომა აღარ განახლდება – პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც დღის მეორე ნახევარში სხდომა აღარ გაგრძელდება.

ამავე მიზეზით გადაიდო “მინისტრის საათის” ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთვის უნდა მოესმინათ. სასესიო დარბაზი სხდომების განახლებამდე დამატებით დამუშავდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გუშინ, 12 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მძღაფრი სუნის გამო 4 ადამიანი, მათ შორის, ორი დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

არჩილ თალაკვაძემ ინციდენტი პარლამენტზე “ქიმიურ შეტევად” შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი