ახალი ამბები

რა გამოავლინა TI-ის კვლევამ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ შესყიდვებზე

3 ივნისი, 2015 •
რა გამოავლინა TI-ის კვლევამ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ შესყიდვებზე

transparency-ის მიერ ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების შესწავლით მიხედვით, ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის საჭირო ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს „სპორტმშენსერვისი“ უზრუნველყოფდა. კომპანიამ საწყლოსნო და ხელბურთის სპორტის სასახლეების მშენებლობისთვის დაახლოებით 39.4 მლნ ლარი დახარჯა. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში ფონდმა „ქართუმ“ ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მერიას 10 მლნ ლარი გამოუყო.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკეთესი დაგეგმვისა და შესყიდვების კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელების პირობებში, შესაძლოა, არ დამდგარიყო დამატებითი ფინანსების მოზიდვის საჭიროება. transparency-ის ცნობით, ამ შემთხვევაში, ფონდი „ქართუს“ მიერ ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა შესაძლოა საჭირო არც გამხდარიყო.

 

transparency-ის განცხადებით, იმ კომპანიების ნაწილს, რომელსაც 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები პირდაპირ, ტენდერის გარეშე გაუფორმდა, მანამდე სახელმწიფო შესყიდვებში არ ჰქონია მონაწილეობა მიღებული:

 

”აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა მაინცდამაინც ეს კომპანიები, რადგან სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელ კომპანიებთან მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმება ერთგვარი რისკია. ერთ შემთხვევაში მსხვილი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც კონტრაქტის გაფორმებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა, თუმცა ეს ხელშეკრულება მალევე გაუქმდა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რა ნიშნით შეირჩნენ გამოუცდელი კომპანიები და საჯარო გახადოს მათი შერჩევის პროცესის ამსახველი დოკუმენტები, ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში.”

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვებისას, ანუ მაშინ, როდესაც ხელშეკრულებები პირდაპირ, კონკურენტული შერჩევის პროცედურის გარეშე ფორმდებოდა, უმეტეს შემთხვევაში, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მიმწოდებლის შერჩევა: ”კიდევ უფრო მეტ შეკითხვას აჩენს ისეთი შემთხვევები, როდესაც მსხვილი ხელშეკრულებები ახლად დაარსებულ ან სახელმწიფო შესყიდვებში გამოუცდელ კომპანიებთან ფორმდება. კომიტეტმა ხელშეკრულებები პირდაპირ გააფორმა რამდენიმე ისეთ კომპანიასთან, რომლებსაც ამ დრომდე არ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში. წარმოგიდგენთ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გამარტივებულ შესყიდვებს, რომელთა ღირებულებაც 50 000 ლარს აღემატება და რომელთა მიმწოდებელი კომპანიებიც ნაკლებად გამოცდილები არიან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მხრივ.”

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლისას რამდენიმე კომპანიის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მაგალითად, შპს „ჯი-ემ-სი” 2015 წლის 24 მარტს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ზარიაშვილია. ზარიაშვილზე სხვა კომპანია არ არის რეგისტრირებული. 2015 წლის 6 აპრილს საორგანიზაციო კომიტეტმა ამ კომპანიას 597 789 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის. 2015 წლის 15 აპრილს ეს ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ვინაიდან კომპანია სულ ორი კვირის შექმნილი იყო, ბუნებრივია, ამ ხელშეკრულებამდე მას სახელმწიფო შესყიდვის არც ერთი კონტრაქტი არ ჰქონია მოგებული. კომპანიას არ აქვს ვებგვერდი და ონლაინ წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. საინტერესოა, რომ საორგანიზაციო კომიტეტს იგივე მომსახურება მას შემდეგ აღარ შეუსყიდია.

 

transparency-ის მიერ ფესტივალთან დაკავშირებულ შესყიდვებში ასევე მოხვდნენ კომპანიები: შპს „ჯი-სერვისი“, რომელიც 2014 წლის 6 ოქტომბერს არის რეგისტრირებული; 2013 წლის 12 აპრილს დაარსებული კომპანია Feshion Style; 2013 წლის 20 სექტემბერსაა რეგისტრირებული შპს „ჯენერალ ბიზნესი“; შპს „ინდექს ჯორჯია“, რომელიც 2012 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული; 2011 წლის 15 მარტსაა რეგისტრირებული შპს Sterling Advertising და შპს „ვილა არტი“, რომელიც 2006 წლის 24 მაისს არის რეგისტრირებული.

 

”მიგვაჩნია, რომ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ასეთი დიდი რაოდენობით გამარტივებული შესყიდვების განხორციელება და რა ნიშნით შეირჩნენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში,” – აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ფესტივალისთვის განხორციელებული ზოგიერთი შესყიდვის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია: ”შედეგად, საეჭვოა, რამდენად მოესწრება ზოგიერთი ობიექტის დასრულება ფესტივალის დაწყებამდე. ამ შესყიდვების განხორციელება 2014 წლიდან დაიწყო. როგორც უკვე ითქვა, ფესტივალის ჩატარების შესახებ საქართველოსთვის 2010 წლის ბოლოდან არის ცნობილი. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვების განხორციელება მომავალში უფრო დროულად უნდა მოხდეს.”

 

სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს „სპორტმშენსერვისი“ 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის საწყლოსნო და ხელბურთის სპორტული კომპლექსების მშენებლობას ახორციელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, ეს მშენებლობები 2015 წლის თებერვალსა და მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მათი დასრულების ვადამ არაერთხელ გადაიწია, რაც ბადებს შეკითხვებს, თუ რამდენად მოესწრება ამ ობიექტების მშენებლობა ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე.

 

საწყლოსნო სპორტული კომპლექსი

 

აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „სპორტმშენსერვისი“ საწყლოსნო სპორტულ კომპლექსს აშენებს. აუზის პროექტი შპს „სტუდია არსიმ“ მოამზადა, რისთვისაც  2014 წლის 14 იანვარს კომპანიასთან 95 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.  transparency-ის ინფორმაციით, ამ მომსახურების მიწოდება სამ ეტაპად, ჯამში, 105 კალენდარულ დღეში უნდა მომხდარიყო, თუმცა 35 დღით გადაიწია.

 

საწყალოსნო სპორტული კომპლექსი, ფოტო: transparency

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, 2014 წლის 19 ივნისს შპს „სპორტმშენსერვისმა“ „ელ ჯორჯიასთან“ საცურაო აუზის მშენებლობისთვის ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, 8.9 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.  transparency-ის ინფორმაციით, სამუშაოს მიწოდების საბოლოო ვადა 2015 წლის 28 თებერვლით განისაზღვრა, თუმცა 2015 წლის იანვარში კომპანიასთან შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ვადამ 2015 წლის 30 აპრილამდე გადაიწია, ხოლო 2015 წლის 22 აპრილს ობიექტზე კომუნიკაციების სისტემის არარსებობის გამო ვადამ 2015 წლის 15 ივნისამდე გადაიწია.

 

2014 წლის 26 სექტემბერს აუზის დასრულების სამუშოებისთვის ისევ „ელ ჯორჯიას“ დამატებით 4.8 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. transparency-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში შერჩევის რაიმე პროცედურაზე ინფორმაცია განთავსებული არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ ხელშეკრულების მიწოდების ვადა 2015 წლის 30 აპრილით განისაზღვრა, აპრილში კი ხელშეკრულების მიწოდების ვადამ 2015 წლის 15 ივნისამდე გადაიწია.

 

ახალი სპორტის სასახლე

 

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის შენობასთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე, რომელშიც ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ხელბურთის მატჩები უნდა გამართულიყო, შესაძლოა, დროულად არ მოესწროს. 18 მაისს საორგანზიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგანაც გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა ობიექტის დასრულება, გადაწყვეტილია შეჯიბრები ახალ სპორტის სასახლეში არ გაიმართოს. ამ ობიექტის მშენებლობაზეც შესყიდვა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულმა კომპანიამ შპს „სპორტმშენსერვისმა“ განახორციელა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიამ რამდენიმე სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან შპს „ლაინკუბის“ პროექტი შეარჩია და 2014 წლის 7 მაისს კომპანიასთან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვაზე 95 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 20 აგვისტოს უნდა ჩაბარებულიყო. კომპანიასა და შპს „სპორტსმშენსერვისს“ გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, მიწოდების ვადამ, ჯამში, 34 დღით გადაიწია. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე ატვირთული არ არის, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის მიეწოდა პროექტი შემსყიდველს.

 

 

ახალი სპორტის სასახლე, ფოტო: transparency

 

კომპლექსის პროექტის დამტკიცების შემდეგ მისი მშენებლობისთვის შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი“ შეირჩა, რომელმაც, ორგანიზატორების თქმით, ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. „სპორტმშენსერვისმა“ ამ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის სამი ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში, 25.5 მლნ. ლარის ღირებულების.

 

transparency-ის ინფორმაციით, 5.5 მლნ ლარის ღირებულების პირველი ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების შესრულების ვადა 2015 წლის 15 მარტით განისაზღვრა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ვებგვერდზე მოგვიანებით ატვირთულ შეთანხმებაში კი სამუშაოს მიწოდების ვადამ 2015 წლის 30 აპრილამდე გადაიწია. ამასთანავე, პირველადი ხელშეკრულებით, კონტრაქტის ღირებულების 20% კომპანიას მას შემდეგ უნდა მიეღო, როდესაც სამუშაოთა სრულ შესრულებაზე წარმოდგენილი იქნებოდა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა. transparency-ის განცხადებით, იმ შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ვადამ გადაიწია, ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2014 წლის 31 დეკემბერს, იმავე ობიექტის დასრულების და მოპირკეთების სამუშაოებისათვის „ელექტრო მონტაჟ სერვისს“ უკვე 11.9 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმდა. transparency-ის ცნობით, სამუშაოების დასრულების ვადა 31 მაისით განისაზღვრა, თუმცა 2015 წლის მაისში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მიწოდების ვადამ 15 ივლისამდე გადაიწია, ანუ ფესტივალის დაწყებამდე 11 დღით ადრე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის 16 აპრილს შპს „სპორტმშენსერვისსა“ და შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისს“ შორის სპორტული კომპლექსისთვის შესაბამისი აღჭურვილობა/ინვენტარის შეძენისა და მონტაჟისათვის (არა მხოლოდ ხელბურთის კომპლექსისთვის, არამედ დიღომში მშენებარე წყალბურთის კომპლექსისთვისაც) 894 590 ევროს ღირებულების მესამე ხელშეკრულება გაფორმდა. მომსახურების მიწოდების ბოლო ვადა 20 ივნისია. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით,  მასში გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტის, საწყალოსნო კომპლექსისთვის ე.წ. „ვიდეო სკრინის“ მიწოდების ვადა 2015 წლის 20 ივლისია, ანუ ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე 6 დღით ადრე.

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა 2011 წელს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა განახორციელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, საორგანიზაციო კომიტეტმა, ჯამში, 700-ზე მეტი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა და დაახლოებით 62 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აპრილამდე კომიტეტმა 31.1 მლნ ლარის, 6.1 მლნ ევროსა და 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები გააფორმა, რაც კომიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების დაახლოებით 75%-ია. transparency აცხადებს, რომ გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში სახელმწიფო უწყება ტენდერის გამოცხადების გარეშე აფორმებს ხელშეკრულებას მისთვის სასურველ მიმწოდებელთან. შესყიდვების უმეტესი ნაწილი მთავრობის ნებართვით განხორციელდა და თანხების უმეტესობა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

 

“ნეტგაზეთი” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტს დაუკავშირდა. როგორც კომიტეტში განგვიცხადეს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ კითხვებზე პასუხებს მოგვიანებით გაგვაცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი