ახალი ამბები

პოლიციის მიერ მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

13 დეკემბერი, 2019 • 849
პოლიციის მიერ მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე. საუბარია 15 წლის მოზარდზე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით:

“სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა”, – აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

15 წლის მოზარდის ძმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მის არასრულწლოვან ძმას პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სწორედ ამ ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სცადა.

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი