ახალი ამბები

ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით – “ოცნება”

13 დეკემბერი, 2019 • 1488
ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით – “ოცნება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენს გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით და უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმატში კონსულტაციებით შეთანხმების მიღწევა შევძელით”, – განაცხადა მდინარაძემ დღეს, 13 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვაზე, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და შექმნის ცდუნებას, რომ პოლიტიკური კრიზისები ხელოვნურად იქნას გამოწვეული.

“უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთნახმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით. ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები უარს იტყვიან თავიანთ ინიციატივაზე.

“თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”, – დასძინა მდინარაძემ.


საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი (მორიგი თუ ვადამდელი) არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. თუმცა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩატარდება.

ამავდროულად, მაჟორიტარ დეპუტატებს მომზადებული აქვთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და ორპალატიანი პარლამენტს შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი