ახალი ამბები

პროპორციული სიები მაჟორიტარულის ნაცვლად – გამოწვევა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის

3 ივნისი, 2015 •
პროპორციული სიები მაჟორიტარულის ნაცვლად – გამოწვევა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის

არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სიები ამომრჩეველთა ხმებს იპარავს და მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მანდატების რაოდენობას ხელოვნურად ზრდის.

 

მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი, იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარულ სისტემას რამდენიმე ნაკლი აქვს: მაჟორიტარი შეიძლება 50%-ზე ნაკლებმაც აირჩიოს, დარღვეულია ამომრჩევლის ხმების წონადობის პრინციპი და მაჟორიტარების არსებობა არჩევნების საბოლოო შედეგს ცვლის.

 

იურისტი ამბობს, რომ მანდატებში ხმების პროპორციულად გარდასახვა არ ხდება. მაგალითად, გამარჯვებული მაჟორიტარი, შესაძლოა, უმცირესობამ – ამომრჩევლის 30-მა ან 40-მა პროცენტმა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 60-მა ან 70-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭიროს.

 

ხმების წონადობის პრინციპის დარღვევაში იურისტი გულისხმობს იმას, რომ ქუთაისიც, სადაც 153 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს და ყაზბეგიც, სადაც 6 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს, თითო-თითო მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში.

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, თანაფარდობის პრინციპი დარღვეულია იმ ოლქების მცხოვრებთათვის, სადაც ბევრი ამომრჩეველია კონცენტრირებული.

 

რაც შეეხება არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი ელენე ნიჟარაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს იხსენებს, როდესაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, მოსახლეობის 59.18%-ის მხარდაჭერა და პარლამენტის 48 მანდატი მიიღო. პროპორციული სიით მიღებულ 48 მანდატს მაჟორიტარული სიით მიღებული 72 მანდატი დაემატა და პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში 80%-მდე გაიზარდა. ენმ-ს 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნდა.

 

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისში. “ქართულ ოცნებას” თბილისის მოსახლეობის 46%-მა დაუჭირა მხარი.

 

თუმცა საკრებულოში მას იმდენი მანდატი აქვს, რამდენიც 74%-იანი მხრდაჭერის დროს. ამ შედეგის მიზეზი ისაა, რომ საკრებულოს 50 წევრიდან 25 პროპორციული, 25 კი მაჟორიტარული წესით ირჩევა. არჩევნების მიხედვით, თბილისის ოლქების მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან “ქართული ოცნების” 24-მა მაჟორიტარმა გაიმარჯვა და კოალიციის მაჩვენებელი 24%-ით გაზარდა.

 

“ეს ხდება მაჟორიტარების ხარჯზე. ეს სისტემა მოქმედებს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ და პირიქით, ყოველთვის აზარალებს პატარა პარტიებს”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

ახალი მოდელის მონახაზი

 

დღეს მოქმედი მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი კომპლექტდება 77 მანდატი პარტიების მიერ შედგენილი პროპორციული სიით, ხოლო მეორე ნახევარი, 73 მანდატი ნაწილდება მაჟორიტარული სიით არჩეულ კანდიდატებზე. თითოელ საარჩევნო ოლქს ერთი მაჟორიტარი ჰყავს.

2015 წლის 30 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციით დაკომპლექტებულმა ინტერპარტიულმა ჯგუფმა, საპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

 

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ, მათ შორის არ არის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გუშინ, 2 ივნისს მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ შევიდეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტში.

 

ახალშეთავაზებული მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობა უნდა შეირჩეს მხოლოდ პარტიების მიერ შემუშავებული პროპორციული სიით შემდეგნაირად: 75 მანდატი ეროვნულ დონეზე შედგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდება, ხოლო 75 კანდიდატი რეგიონული ნიშნით შეირჩევა.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ირმა პავლიშვილის თქმით, ეს მოდელი უფრო სამართლიან პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანს საარჩევნო პროცესს და ამავდროულად, საქართველოს ყველა რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება პალამენტში.

“პროპორციული სისტემა კარგად ასახავს ამომრჩევლების ნებას”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილის თქმით, მაჟორიტრული წესი თუ გაუქმდა, მას სამხარეო პროპორციული წესი ჩაანაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერეთი, აჭარა, გურია, კახეთი, მხარეებად იქნება წარდგენილი პარლამენტში.

 

ის, თუ რომელ რეგიონს რამდენი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, ამას შემდეგი დისკუსიები დაადგენს. იურისტის წარმოდგენით, 75 რეგიონული მანდატი უნდა გაიყოს თითოეულ რეგიონში დარეგისტრირებულ ამომრჩეველზე, რომელიც გამოარკვევს, რამდენი ამომრჩეველის ხმა ირჩევს ერთ დეპუტატს.

 

კითხვაზე, ექნება თუ არა სამხარეო-პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებს ბიუროები რეგონებში, ისევე როგორც მაჟორიტარებს აქვთ კონკრეტულ რაიონებში, ამბობს, რომ ეს მათზეა დამოკიდებული და შესაძლოა ჰქონდეთ.

 

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, ექნებათ თუ არა ამ მოდელის მიხედვით დამოუკიდებელ კანდიდატებს შესძლებლობა, რომ დამოუკიდებლად წარადგინონ თავი. ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ თეორიულად, დამოუკიდებელ კანდაიდტებს ამის შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ეს მოდელი არის ზოგადი მონახაზი და დეტალები შემდეგმა დებატებმა უნდა გამოკვეთოს.


რა სარგებლობა მოაქვს მაჟორიტარ დეპუტატს?

 

არის თუ არა აუცილებელი მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტის შენარჩუნება ამა თუ იმ რაიონის მოსახლეობისთვის მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად?

 

საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მას მოსახლეობა ძალიან ბევრ იმ საკითხზე დახმარების თხოვნით მიმართავდა, რომლებიც მის კომპტენციაში არ შედიოდა.

 

“მე ვიყავი მაჟორიტარი და ძალიან რთული იყო მაჟორიტარად მუშაობა. ეს ადამიანები მოდიოდნენ ყველაფერზე, რაც იყო ჩემი გასაკეთებელი, თუ არ იყო. მე მაინც პარლამენტში კანონებს ვიღებდი…”

 

NDI-ის 2015 წლის აპრილის თვის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 7%-მა  შეცდომით დაასახელა. ამის გარდა, არის შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატის უყურადღებობის გამო პრეტენზიები გამოთქვა.

 

ქუთაისის მერიის შენობაში მისი მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიუროს კარზე “სკოჩი” ააკრეს იმ მიზეზით, რომ  დეპუტატი არ ხვდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას.


მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს მაჟორიტარული მანდატების პროპორციულით ჩანაცვლებას. საინტერესოა, რას იზამს საპარლამენტო უმრავლესობა?

 

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ იგი პიროვნულად მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, თუმცა უმრავლესობის სახელით ვერ ილაპარაკებს.

 

“ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ და მე ამას დიდი ხანია ვითხოვდი ჩემი პოლიტიკური კარიერის მანძილზე. უნდა შეიცვალოს ძალიან ბევრი რამ. უნდა შეიცვალოს ფაქტია, იმიტომ, რომ ამას ბევრი მანკიერი მხარე აქვს”, – ამბობს დავით საგანელიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი