ახალი ამბები

არსებობს ვიდეო, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ – პროკურორი უგულავას მონაწილეობით აეროპორტის ინციდენტზე

12 დეკემბერი, 2019 • 1874
არსებობს ვიდეო, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ – პროკურორი უგულავას მონაწილეობით აეროპორტის ინციდენტზე

პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიგი უგულავასა და ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი, თუმცა პროკურატურა მას ვერ გამოიყენებს.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს გაფრენის დარბაზში დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გიგი უგულავას ბრალი ძიუდოისტ გავაშელიშვილის ცემაში წაუყენეს.

გიგი უგუგლავა ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია, აქამდე არ იცნობდა აღნიშნულ პირებს და ჩხუბი სწორედ მათ წამოიწყეს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება სათავლთვალო ვიდეოკამერებზე.

თუმცა პროკურორი ირწმუნება, რომ ამ ვიდეოკადრების გამოყენების უფლება არ აქვთ. პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოსა და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს. საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი გოკა გაბაშვილი. ბრალი წარდგენილი აქვს პოლიტიკოსებთან დაპირისპირებული კაცებიდან ერთ-ერთს.

“ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვიდეოჩანაწერის გამოთხოვას”, – ამბობს უგულავას საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე. მისი განმარტებით, არსებობს ვიდეომასალის გამოთხოვის თეორიული შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა გეგმავს, თუმცა, ქობულაძის თქმით, პროკურატურა სასამართლოს განჩინებას ელოდება.

ქობულაძემ “ნეტგაზეთთან” ასევე აღნიშა, რომ ვიდეოჩანაწერი ამოღებული და შენახულია, რათა არ წაშლილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი