ახალი ამბები

ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

12 დეკემბერი, 2019 • 1240
ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს.

მისი თქმით, მოსამართლეთა კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე, “ქართული ოცნების” უმრავლესობაზე.

“რადგან იურიდიული კომიტეტი გახდა ოფიციალურად კლანის ფილიალი, დღეს ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ერთი წელი ჩემი გადადგომიდან დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ მარტო 5 კანდიდატი კი არ ჩამოშორებოდა ამ პროცესს, არამედ ბევრად მეტი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ დარჩენილ დროს მოანდომებს გამოსავალზე ფიქრს.

ეკა ბესელია თავად იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მე-9 მოწვევის პარლამენტში. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის “ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესის” შეჩერება. 2019 წლის 5 თებერვალს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი