ახალი ამბები

ყოფილი არქიმანდრიტის გამო ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან სანქციებს ელის

1 ივნისი, 2015 •
ყოფილი არქიმანდრიტის გამო ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან სანქციებს ელის

გუშინდელი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერდნენ. მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თამაზ ბიჩინაშვილმა მთავარ არბიტრს, რადუ პეტრესკუს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ფედერაციას უეფასგან სანქციები შეიძლება დაემუქროს. გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გვიდასტურებს ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ალექსანდრე მატევოსოვი, რომელიც ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბიჩინაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახურის თანამშრომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ეკა ელოშვილი ”ნეტგაზეთს” უდასტურებს ინფორმაციას, რომ თამაზ ბიჩინაშვილმა მართლაც შეძლო ქომაგებისთვის აკრძალულ ზონაში შეღწევა. მისი თქმით, ყოფილმა არქიმანდრიტმა მსაჯებს და ფედერაციის წარმომადგენლებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა სტიუარდებმა ბიჩინაშვილის შეჩერება მოახერხეს და ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.

 

როგორც ეკა ელოშვილი ამბობს, აღნიშნული ინციდენტს შეესწრო უეფას სპეციალურ დელეგატი და შესაბამისი ოქმი შეადგინა.  მისი თქმით, ამ ფაქტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირისგან გარკვეული სანქციები დაეკისრება.

 

ელოშვილის ინფორმაციით, ყოფილმა არქიმანდრიტმა თავისი სტატუსით ისარგებლა და სტიუარდებმა ის ქომაგებისთვის აკრძალულ ზონაში, სულიერ შვილების დასალოცად შეუშვეს. ელოშვილის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც არის პასუხისმგებელი ამ ინციდენტის გამო, რისთვისაც ისინი ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს. ფედერაციის პრესამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამომავლოდ გამკაცრდება კონტროლი, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

 

თამაზ ბიჩინაშვილი მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ რუმინელ მსაჯთან გამოუვიდა უხეში საუბარი, რის შემდეგაც საჭირო გახდა დაცვის თანამშრომლების თანხლებით მისი ტერიტორიიდან გაყვანა.

თამაზ ბიჩინაშვილი (ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი)
თამაზ ბიჩინაშვილი (ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი)

 

“საქართველოს ნაკრებში ახლობლები მყავს და თამაშის შემდეგ ვნახავ-მეთქი. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ამ დროს მსაჯმა გააფუჭა თამაში. ინგლისურად მივაძახე, ანთიმოზ ივერიელი ვარ და მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი, ქართველებს ესე ცუდად რომ მოექეცი-მეთქი. სულ ეს იყო და მერე დაცვამ გამომიყვანა. ეკა ელოშვილისთვის საერთოდ ხმა არ გამიცია, ხატზე დავიფიცებ. მსაჯთან ინგლისურად საუბარი ცოტა უხეშად გამომივიდა. დაცვის ბიჭებს რომ გავყავდი, უხეშად მელაპარაკებოდენ და იქით ვაწყნარებდი. არავითარი გინება ან იმათგან ან ჩემგან არ ყოფილა. ეკა რაღაცას მიყვიროდა, მისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. წყნარად მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი. ახლა ჟურნალისტებს უნდათ, რომ სკანდალი ააგორონ,” – აცხადებს ბიჩინაშვილი.

 

გუშინდელი თამაშის შემდეგ მომხდარი ინციდენტით არ დაინტერესებულა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ უწყებაში საჩივარი არ შესულა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.

 

საქართველოში მიმდინარე ელიტ რაუნდის მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. გუშინდელი თამაშის კომენტატორს, სანდრო ცნობილაძეს მოწინააღმდეგე გუნდები ერთმანეთში აერია. მან მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლის ავტორად, პორტუგალიელი პედრო როდრიგესის ნაცვლად, ოთარ კიტეიშვილი გამოაცხადა. კომენტატორმა ამ შეცდომისთვის ტელემაყურებელს ბოდიში თამაშის დაწყებიდან მე-6 წუთზე მოუხადა.

 

 

პედრო როდრიგესის მიერ გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ზურაბ მალანიამ (45) და გურამ გოშთელიანმა (49) გაიტანეს გოლები მოწინააღმდეგის კარში. თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა ჯერ თამაშის გათანაბრება, შემდეგ კი გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ლუკა ზარანდია მსაჯმა მოედნიდან გააძევა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ყოფილი არქიმანდრიტის გაღიზიანება.

 

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებთან დამარცხდა, 31.05.2015, ფოტო: ლაშა კუპრაშვილი/GFF
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებთან დამარცხდა, 31.05.2015, ფოტო: ლაშა კუპრაშვილი/GFF

 

ელიტ რაუნდის პირველ ჯგუფში საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი მოხვდნენ. პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან წააგო ანგარიშით 4:1. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები ჯგუფის უკანასკნელ თამაშს თურქ თანატოლებთან გამართავენ. შეხვედრა 3 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

19 წლამდე ფეხბურთელთა ელიტ რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებები ორ-ორი მოგებით ლიდერობენ. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი ნაკრები გადის. საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილისთვის სწორედ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი