ახალი ამბები

კრიზისი რომ არა, ანეკდოტი იქნებოდა – ბოკერია სუნზე რეაქციებზე

12 დეკემბერი, 2019 • 704
კრიზისი რომ არა, ანეკდოტი იქნებოდა – ბოკერია სუნზე რეაქციებზე

„ასეთი ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ასეთი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს, რაც ხდება, იქნებოდა ანეკდოტი“, — აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

უმრავლესობის დეპუტატების რეაქციებს პარლამენტში მძაფრი არასასიამოვნო სუნის დადგომათან დაკავშირებით ბოკერია აფასებს „ისტერიკად“: „აღშფოთებულები არიან, ტერაქტიაო ყვირიან…“

13:12 საათზე პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რადგან ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი არასასიამოვნო სუნი დადგა.

უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა თქვა, რომ შეუძლოდ გახდა ამ სუნის გამო. უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის თანახმად, შეუძლოდ გახდა პარლამენტის ერთ-ერთი თანამშრომელიც (დამლაგებელი).

„მე, რა თქმა უნდა, ვინმეს თუ სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, — აჩვენეს, რომ თანამშრომელი შეუძლოდ გრძნობდა თავს“, — თქვა ბოკერიამ და განაცხადა:

„ეგრევე პოლიტიკური ოპონენტებისკენ გაიშვირეს ხელი. იქნებ მეამბოხე დეპუტატებზე ეკითხათ? იქნებ ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან და სჯიან? ეგრე როგორ შეიძლება ხელის დადება? და თან ამ რანგის აღშფოთება? ეს ხალხი არ აღშფოთებულა, ბავშვებს რომ თვალები დათხარეს და იმათი უმკაცრესი დასჯა არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები? ესეც ერთ-ერთი სახეა ამ რეჟიმის“.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუკზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა სირცხვილია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი