ახალი ამბები

უმრავლესობიდან გასული 6 დეპუტატი მოსამართლეთა კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

12 დეკემბერი, 2019 • 1065
უმრავლესობიდან გასული 6 დეპუტატი მოსამართლეთა კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ზაზა ხუციშვილი და თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

“დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში – უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, არ გააღრმაოს უნდობლობა და დასაბამი დაუდოს სწორ პროცესებს მართლმსაჯულების სისტემაში.

გასული წლის დეკემბრიდან პარლამენტმა რთული პროცესები გაიარა: უარი თქვა 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუმჭვირვალე და სათანადო პროცესის გარეშე წარმოდგენილი 10 -კაციანი სიის განხილვაზე; მიიღო კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურენტულ და გამჭვირვალე პროცესს; თვეების განმავლობაში იურიდიულ კომიტეტში წარმართავდა კანდიდატურების ღია განხილვებს.
ამ პროცესებმა სრულიად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს.

რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, ეს იყო საშუალება სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. ამიტომ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ.

მართალია, მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას, დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

სხდომას ბოიკოტს უცხადებს უმრავლესობიდან გასული სხვა დეპუტატების ფრაქცია, რომელიც აერთიანებს მარიამ ჯაშს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, კობა ნარჩემაშვილს, გედევან ფოფხაძეს და ლევან კობერიძეს. ბოიკოტის რეჟიმში არიან საპარლამენტო პარტიებიც.

ამავე თემაზე

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი

მასალების გადაბეჭდვის წესი