ახალი ამბები

GNCC-ის წევრად კახი ბექაური აირჩიეს

11 დეკემბერი, 2019 • 1892
GNCC-ის წევრად კახი ბექაური აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად კახი ბექაური აირჩია. მას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კახი ბექაური GNCC-ის წევრად 6 წლის ვადით აირჩიეს. ეს დადგენილება ამოქმედდება 2020 წლის 25 იანვრიდან. ბექაური GNCC-ის წევრად 2014 წელსაც აირჩიეს. 2017 წლიდან კი მას მარეგულირებლის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, თუმცა უფლებამოსილების ვადა 2020 წლის იანვარში ეწურებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე გამოცხადდა კონკურსი მისი პოზიციის დასაკავებლად.

ბექაურის გარდა, GNCC-ის წევრობაზე პარლამენტმა კენჭი უყარა ამავე უწყების თანამშრომლებს – ივანე მახარაძესა და მარიამ სულაბერიძეს.  მათ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. კონკურსის საწყის ეტაპზე კანდიდატებს შორის იყო სტუდია “მონიტორის” ერთ-ერთი რედაქტორი მაია მეცხვარიშვილიც, თუმცა მთავრობამ მისი კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა.

რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ის GNCC-ის წევრებს შორის უნდა აირჩეს თავად კომისიის მიერ. ბექაურს ხელმეორედ შეუძლია თავმჯდომარის პოსტის დაკავება 6 წლის ვადით.

უახლოეს მომავალში პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის კიდევ ერთი წევრი უნდა აირჩიოს გიორგი ფრუიძის ნაცვლად, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს ოქტომბერში მიმართა. ფრუიძე ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილის ქმარია. ლაზაშვილს რუსთავი 2-ზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი