ახალი ამბები

სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით შანტაჟისთვის პირს 2-ათასიანი ჯარიმა დაეკისრა

11 დეკემბერი, 2019 • 1135
სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით შანტაჟისთვის პირს 2-ათასიანი ჯარიმა დაეკისრა

პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თანასწორობის მოძრაობას ქვიარ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა ი.ნ. და აღნიშნული მოტივით სძალავდა თანხას.

“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო.

“ბრალდებული მისგან 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა. როგორც დაზარალებულმა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებს განუმარტა, აღნიშნულმა პიროვნებამ თანხის ნაწილი – 500 ლარი გამოსძალა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“თანასწორობის მოძრაობამ” საქმეში ჩართვის შემდეგ მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით. აღნიშნული პიროვნება დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 6000 ლარი, ხოლო დაზარალებულ თემის წევრს აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი – 500 ლარი.

“თანასწორობის მოძრაობის” განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ ცნო ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი