ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ქართული ჯარი არის ძლიერი, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს

11 დეკემბერი, 2019 • 867
ღარიბაშვილი: ქართული ჯარი არის ძლიერი, ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ქართული ჯარი ძლიერია. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას საჭიროებს:

“გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები – ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება.

მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას მისი განცხადება. მარგამ ჩემი მხრიდან, როგორც თავდაცვის მინისტრისგან, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ “ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცბად დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”:

“ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით” ,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედიას ადანაშაულებს ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი