ახალი ამბები

მინახავს, როგორ იქსოვება ძაფი მაჟორიტარ კანდიდატსა და ხალხს შორის – წულუკიანი

11 დეკემბერი, 2019 • 1286
მინახავს, როგორ იქსოვება ძაფი მაჟორიტარ კანდიდატსა და ხალხს შორის – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ თავად უნახავს, როგორც ყოფილ მაჟორიტარს, თუ როგორ “იქსოვება ქსელი მაჟორიტარ კანდიდატსა და ხალხს შორის”. ამის შესახებ მან “იმედის“ ეთერში განაცხადა, როდესაც საუბრობდა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოსწონს პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მანამდე წულუკიანი ჟურნალისტთან საუბრობდა ოპოზიციასთან შეხვედრისა და 2020-ის პროპორციულად ჩატარების დანაპირების შესახებ. წულუკიანმა თქვა, რომ ეს სისტემა არ მოსწონდა და ამისთვის რამდენიმე არგუმენტი აქვს.

“პირველი არგუმენტი, ეს იყო შიში და წუხილს რომ ეძახიან, კულტურულ პოლიტიკურ ენაზე… ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და ამის მაგალითები ყოფილა მსოფლიოში…

შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არჩევნების შემდეგ მივიღებდით ისეთ პარლამენტს, რომელიც თვეების მანძილზე სტაბილურ მთავრობას ვერ შექმნიდა. არა “ქართული ოცნების“ მთავრობას, არამედ მთავრობას იმ პარტიებისგან, ვინც შევიდოდა პარლამენტში“, – ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ქვეყანაში რამდენიმე თვე იქნებოდა ის სიტუაცია, სადაც არ იქნებოდა “გადაწყვეტილების მიმღები, ხელფასის ჩამრიცხავი, ჯარისთვის მითითების მიმცემი“, სანაცვლოდ კი მხოლოდ პარლამენტი იქნებოდა, რომელიც შეიკრიბებოდა და ისაუბრებდა.

“მეორე არგუმენტი არის ის, რომ შეიძლება ეს უფრო სუბიექტურია – მე თვითონ ყოფილი მაჟორიტარი ვარ, მინახავს, როგორ იქსოვება ძაფი მაჟორიტარ კანდიდატსა და ხალხს შორის და ეს ძაფი მართლაც პოლიტიკურია.

ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი: ამ ძაფის ქსოვა ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის. ზოგჯერ ეს ძაფი ისე მჭიდროდ იქსოვება, რომ ბევრ ხმას აგროვებ, ზოგჯერ ვერ იქსოვება და ცოტა ხმას აგროვებ. შემდეგ, როდესაც აგირჩევენ, ამ გაბმული პოლიტიკური ურთიერთობის შენარჩუნება, ეს არის პოლიტიკა, ჩემი განსაზღვრებით“, – განმარტავს წულუკიანი.

წულუკიანი ამბობს, რომ “დაღვინებულ პოლიტიკურ პროცესს“ ქმნის სხვადასხვანაირი მაჟორიტარების ერთობა, “ზოგი ასეთია, ზოგი- ისეთი.. თბილისელს [მაჟორიტარს] შეიძლება არ მოსწონდეს მარტვილელი და პირიქით, სვანებს ასეთი არ მოსწონდეთ, რაჭველებს სხვანაირი და ა.შ. ეს არის ერთობა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს პარლამენტში, თუ რა არის საქართველო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი