ახალი ამბები

წულუკიანი: არანაირი კრიმინალური მმართველობა არ არის, ციხეებს მართავს სახელმწიფო

10 დეკემბერი, 2019 • 1277
წულუკიანი: არანაირი კრიმინალური მმართველობა არ არის, ციხეებს მართავს სახელმწიფო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ომბუდსმენი ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურობაზე მიუთითებს, პასუხობს და ამბობს, რომ ციხეებს მართავს სახელმწიფო და იქ არანაირი კრიმინალური მმართველობა არ არის:

“მე ცალსახად ვამბობ, არანაირი კრიმინალური მმართველობა დაწესებულებებში არ არის, დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ცდილობს დაჩაგროს მეორე ადამიანი და სახელმწიფო ამის დროულად აღსაკვეთად ყველაფერს აკეთებს. შესაბამსიად, ეს პრობლემა არის სხვანაირად დანახული”, – ამბობს წულუკიანი.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების პრაქტიკა.

ომბუდსმენის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში მსჯავრდებულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

ომბუდსმენი ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურობაზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი