ახალი ამბები

ბევრი “ვაი პატრიოტი“ ჰესების მშენებლობას ებრძვის – ივანიშვილი

9 დეკემბერი, 2019 • 1483
ბევრი “ვაი პატრიოტი“ ჰესების მშენებლობას ებრძვის – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში ბევრი “ვაი პატრიოტი“ ყველანაირ მშენებლობას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებული ძალისხმებით კი ებრძვის ჰესების განვითარებას. ამის შესახებ მან გამოცემა “ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტი ინტერვიუს განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს ჰესების საკითხთან დაკავშირებითაც ესაუბრა. რაზეც, ივანიშვილმა უპასუხა, რომ აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედება და “ თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების  წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით“.

ამის შემდგომ, კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში ბევრი ე.წ. “ვაი პატრიოტია“, რომელიც ჰესების მშენებლობას ებრძვიან.

“სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებითი ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის,“ – ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ეკონიმიკის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნილება ენერგიაზეც. ამ დროს კი ხელისუფლება ვალდებულია ანავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები.

“საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს,“ – განმარტავს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი