ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები, შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა:
„სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. საფარის დაგებისას გამოყენებულია პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს.
ასევე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სისტემა შესაბამისობაში იქნება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამჟამად მიმდინარეობს სკამების მონტაჟი მე-2 იარუსზე. სკამები ანტივანდალური და ცეცხლმედეგი მასალისგანაა დამზადებული.
პარალელურ რეჟიმში გრძელდება გარე პერიმეტრზე სამუშაოები, საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა და საკომუნიკაციო ქსელის გამართვა.
მიმდინარე წლის ნოემბერში სტადიონზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უეფას წარმომადგენელი. მან მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები დადებითად შეაფასა, შესაბამისად გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ უეფას მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებთ და მივიღებთ შესაბამის ლიცენზიას.”