6 უმნიშვნელოვანესი თვე სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის
რიგის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ღონისძიების მთავარი დოკუმენტის, იგივე დეკლარაციის სამუშაო ვარიანტმა [დრაფტმა] პრესაში გაჟონა, რის საფუძველზეც რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს უკრაინასთან ერთად რიგაში იმედგაცრუება ელოდა, რადგან სამიტზე მას არც ევროპულ პერსპექტივას მიანიჭებდნენ და არც უვიზო რეჟიმზე ეტყოდნენ რაიმე კონკრეტულს.
ეს სამუშაო ვარიანტი თავის დროზე საქართველოშიც ნახეს სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ევროინტეგრაციის თემაზე მუშაობენ. კახა გოგოლაშვილი ევროპული კვლევბის ცენტრიდან და ვანო ჩხიკვაძე “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოდან” გვიდასტურებენ, რომ სამიტზე საბოლოოდ დამტკიცებული დეკლარაციის ტექსტი მისი სამუშაო ვარიანტისაგან განსხვავდება:
“დამტკიცებული ვარიანტი შეცვლილია. ის ახლა საკმაოდ დადებითი, პროგრესული და ოპტიმისტურია”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი. დეკლარაციის ტექსტში გაჩნდა ვადა, როდესაც ევროკომისიამ VLAP-ის მე-4 ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რაც მის სამუშაო ვერსიაში არ იყო. ეს არის 2015 წლის ბოლო თვე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დააკონკრეტა, რომ ანგარიში 2015 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ეს ერთგვარი სიახლეა, რადგან, როგორც წესი, ევროკომისია პროგრესის ანგარიშის გამოქვეყნების თარიღებს წინასწარ არ ააანონსებს.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, იგივე VLAP-ში განსაზღვრულია ნიშნულები (benchmarks), რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა მისმა მოქალაქეებმა შეძლონ მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა. ასეთი სულ 15 ნიშნულია. VLAP-ის პირველი ფაზა ზემოხსენებული ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა, ხოლო მეორე ფაზაში ევროკომისია ამოწმებს, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები. ევროკომისიის მე-3 ანგარიშის მიხედვით, 15-დან შვიდი ნიშნული საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებული.
გოგოლაშვილი იხსენებს, რომ რიგის სამიტის დეკლარაციის დრაფტში ვიზის ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ზოგადი ტექსტი ეწერა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: “საქართველო და უკრაინა უვიზო რეჟიმს მიიღებენ, როდესაც რეფორმებს შეასრულებენ”. ახალ ვარიანტში კი ვკითხულობთ: “ყველა ნიშნულის შესრულება საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესი და კომისია ამის შემდეგ წინადადებით მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, რათა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ სავიზო ვალდებულებებისაგან”.
კახა გოგოლაშვილის განმარტებით, ეს ფრაზეოლოგია მიუთითებს ევროკავშირის პოზიტიურ მოლოდინზე და პოლიტიკურ ნებაზე, რომ ის მზადაა საქართველოს უვიზო რეჟიმი მიანიჭოს, თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს.
ვანო ჩხიკვაძე კი პოლიტიკურ დეკლარაციაში თარიღის ჩაწერის ფაქტს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, მსგავსი ჩანაწერი უკვე არსებობს VLAP-ის შესრულების მე-3 ანგარიშში, თუმცა იგი ყურადღებას სხვა საკითხზე ამახვილებს:
“დეკლარაციაში წერია ის, რომ ნიშნულების შესრულების შემთხვევაში მოხდება დადებითი გადაწყვეტილების მიღებაო. დრაფტში ეწერა, რომ რეფორმები უნდა გატარდესო, ანუ პირველი ტექსტი უფრო ზოგადი იყო და ახლა ტექსტი შეცვლილია. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას არ გაუჩნდეს სურვილი, რომ დამატებით, გარდა იმ ნიშნულებისა, რაც VLAP-შია გათვალისწინებული, კიდევ არ ჩაწეროს მოთხოვნები. ტექსტის ასე დაკონკრეტება ნამდვილად დადებითი ფაქტია”, – ამბობს ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძე და კახა გოგოლაშვილიც დეკლარაციის ტექსტში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს ქართული დიპლომატიისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აქტიურობას უკავშირებენ.
15 დეკემბრამდე დაახლოებით 6 თვე რჩება, ახლა ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა დარჩენილ ნიშნულებს. ვანო ჩხიკვაძის აზრით, დეკემბრამდე ეს ყველაფერი მოსწრებადია:
“თავის დროზე 6 თვეში დავამათავრეთ პირველი ფაზა, თუ იქნება ნება, რა თქმა უნდა, მოსწრებადია. მეორე მხრივ, აქ მნიშვნელოვანია როგორ შეხედავს მას ევროკავშირი და რამდენად მკაცრი იქნება შეფასებისას, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ საქართველოზე და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა სიმკაცრის საშუალებას”.
პრემიერ-მინისტრმა რიგის სამიტი წარმატებულად შეაფასა, თუმცა კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე ტექსტში გაკეთებული ჩანაწერი, საბოლოო ჯამში, მაინც არ არის ის, რაც საქართველოს თავიდან უნდოდა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის ტექნიკური ნაწილი რიგაშივე დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო ვარიანტი გაცილებით ჯობია იმას, რაც დრაფტში ეწერა და უფრო კომპრომისულია.
ვანო ჩხიკვაძის თქმით, გააჩნია, როგორ დააყენებ საკითხს, თუ რიგაშივე ველოდით VLAP-ის დასრულებას, რისი იმედიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდნენ, მაშინ ეს არ ყოფილა დიდი წარმატების სამიტი, თუმცა ლოკალური წარმატებები, იგივე ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით, მაინც სახეზეა, რადგან დრაფტის შემდეგ დეკლარაციის ტექსტი უფრო დაკონკრეტდა.
თუ 2015 წლის დეკემბერში ევროკომისია განაცხადებს, რომ საქართველომ წარმატებით დახურა სამოქმედო გეგმა, იგი პროცედურულად ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საქართველოსთან შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმი გააუქმოს, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ ამის თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ მას უკვე პირობა მიღებული აქვს იმის თაობაზე, რომ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს და ახლა მთავარია საქართველომ შეასრულოს სამოქმედო გეგმა, რომელიც ტექნიკური დოკუმენტია.
წევრობის პერსპექტივა ანუ დაპირება ევროკავშირისგან
განსხვავებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისაგან, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მოსახლეობისთვის არ შეუქმნიათ მოლოდინები იმის შესახებ, რომ რიგაში ქვეყანა ევროპული პერსპექტივის აღიარებას მიაღწევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ევროკავშირის დაპირებას იმის შესახებ, რომ ოდესმე ქვეყანა გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ბევრი თვალსაზრისით იქნებოდა მნიშვნელოვანი, მათ შორის მოკლევადიან პერსპექტივაში პროდასავლური საგარეო ორიენტაციის მქონე პარტიებს ამომრჩეველთან უფრო მეტ სალაპარაკოს მისცემდა ევროინეტგრაციის უპირატესობებზე რუსეთის ორბიტასთან მიმართებაში.
სამიტის დეკლარაციაში არც უკრაინის, არც საქართველოს და არც მოლდოვის კონტექსტში ევროპული პერსპექტივა აღიარებული არ არის. აღნიშნული არ უკვირს ვანო ჩხიკვაძეს:
“ეს იყო აბსოლუტურად მცდარი მოლოდინი, რადგან მსგავს რამეს ევროკავშირის კულუარებშიც კი არ განიხილავდნენ… ეს არის უსერიოზულესი გადაწყვეტილება, რომელიც ასე ნაჩქარევად არ მიიღება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირს უკვე აქვს მიცემული ევროპული პერსპექტივა და ის პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. მათგან მხოლოდ ხორვატია გახდა ევროკავშირის წევრი 2014 წელს, მაშინ, როცა ევროპული პერსპექტივის აღიარება 2003 წელს მიიღო. გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტს აქვს ნათქვამი, რომ მინიმუმ 5 წელი ევროკავშირის გაფართოებას არ უნდა ველოდოთო. დამატებით დაპირებას ევროკავშირი არ გასცემს. ის ამბობს, ჯერ შეასრულე ასოცირების ხელშეკრულება და მერე ვიფიქროთ დანარჩენზე”, – ამბობს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატი არ არის გაფართოების ინსტრუმენტი.
ამ ეტაპზე წევრობის პერსპექტივის აღიარება კახა გოგოლაშვილსაც შეუძლებლად მიაჩნია, რადგან მისი თქმით, ევროკავშირის მოსახლეობაში არ არსებობს გაფართოების წამახალისებელი განწყობები, თუმცა ქართულმა დიპლომატიამ ამ საკითხზე მუშაობა და ლობირება არ უნდა შეწყვიტოს:
“ჩვენ სულ უნდა ვეცადოთ, რომ ევროპული პერსპექტივა ვაღიარებინოთ. შეიძლება ძალიან სწრაფად ეს არ მოხდეს, მაგრამ რადგან ასოცირების შეთანხმებაში ეს არ ჩაიწერა, ჩვენ ყველა ფორუმი, ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ და სულ უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს ჩაიწეროს. ეს არის დიპლომატიური ამოცანა, რომელიც შეიძლება სწრაფად არ გადაწყდეს, მაგრამ ეს საკითხი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგში მუდამ უნდა დავსვათ”, – აცხადებს გოგოლაშვილი.