ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

კრიმინალი აფხაზეთში და რუსეთის როლი

8 დეკემბერი, 2019 • 5923
კრიმინალი აფხაზეთში და რუსეთის როლი

ავტორი: ზურაბ წურწუმია, ისტორიის მაგისტრი


ნოემბრის ბოლოს აფხაზეთში რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა, რამაც  აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. 22 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 წუთზე სოხუმის სანაპიროზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ორი კრიმინალური ავტორიტეტი – ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. სროლის დროს დაიჭრა რესტორან „სან-რემოს“ მიმტანი, 21 წლის დომინიკა აქირთავა. კომაში მყოფი აქირთავა 3 დეკემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს, დაახლოებით დღის ხუთ საათზე სოხუმში გაიტაცეს არმენ გრეგორიანი, რომელიც სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს გაათავისუფლეს. 28 ნოემბერს გაგრაში მკერდისა და მკლავის არეში დაჭრეს გიორგი სტეფანიანი.

მომხდარ კრიმინალურ ფაქტებზე საზოგადოებამ ნამდვილად მოახდინა რეაგირება, მაგრამ ეს რეაქცია იყო წინააღმდეგობრივი.

ერთი მხრივ, ოპოზიციურმა დეპუტატებმა მთავრობა გააკრიტიკეს, ხოლო 2 დეკემბერს საზოგადოების ნაწილმა პროტესტი ქუჩაში გამოხატა. იმავე დღეს ხაჯიმბამ გაათავისუფლა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა, მთავარი პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე – ესშოუ კაკალია. საკადრო ცვლილებები ერთი შეხედვით ლოგიკური შედეგი იყო, მაგრამ 5 დეკემბერს დე ფაქტო პრეიზდენტმა ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ აზრს არ მოუხდენია გავლენა.

მეორე მხრივ კი, როდესაც სოხუმის ცენტრში ორი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს – სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა ამ ავტორიტეტების მიმართ სიმპათიები არ დამალა. მოკლულ კანონიერ ქურდებს მიუძღვნეს ლექსები, გაიხსენეს, თუ რა პატივისცემას იმსახურებდნენ ისინი და რა „წესრიგი“ მოჰქონდათ ქუჩებში.

დანაშაულის მიმართ საზოგადოების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება სხვა გახმაურებული მოვლენების დროსაც გამოჩნდა. 12 ივლისის ღამეს სოხუმის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  აინარ კვიწინია, ხოლო ლეონ კვიწინია ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებამ ცხელ კვალზე დაადგინა, რომ დანაშაულში სავარაუდოდ ძმები ზურაბ და მილან ფანცულაიები მონაწილეობდნენ. 15 ივლისს კი დაღუპული აინარ კვიწინიას ნათესავებმა ფანცულაიების მამა და ბიძა გაიტაცეს, ხოლო ტყვარჩელში მათ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. უფრო ადრე, 2019 წლის აპრილის თვეში, გაიტაცეს ომარ მირცხულავა, რომელმაც გამტაცებლებისგან გაქცევა ივლისის თვეში თავად მოახერხა. გატაცებაში ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ტარბა კი დაკითხვის დროს წამებისას გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მაშიმვე დააკავეს, თუმცა, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 18 ივლისს დე ფაქტო პროკურატურის წინ დაკავებული კოლეგების მხარდასაჭერი აქცია  მოაწყვეს.

ქართველ მკითხველს აუცილებლად გაახსენდება 90-იანი წლები, გაიდეალებული კრიმინალებით, გატაცებული ადამიანებითა და, როგორც წესი, გამოუძიებელი დანაშაულებებით. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარსულში დავტოვეთ, მაგრამ რატომ გაიყინა აფხაზური საზოგადოება დროში? რატომ ვერ დაძლია კრიმინალი, კორუფცია და ძალადობა?

დანაშაული ხდება ყველგან და ის შეიძლება ყველამ ჩაიდინოს.  დამნაშავეს არ აქვს ეთნიკური კუთვნილება. აფხაზურ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს კრიმინალური გარემო, მაგრამ ეს პრობლემა სადღაც ქრება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ დამნაშავე მათთვის ნაცნობია: მათი გვარის, ოჯახის ან სოციუმის ნაწილია.

დანაშაულის ჩამდენის ან მსხვერპლისადმი პირადი კავშირი ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება. ვის უფრო მეტი ან გავლენიანი ნაცნობი/ნათესავი ჰყავს? – ეს არის მთავარი საკითხი. მაგრამ რა ხდება, როდესაც დანაშაული ჩადენილია სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ ან მიერ?

90-იან წლებიდან მოყოლებული აფხაზეთში ქართველების გადაადგილების, ცხოვრების, სწავლის, საკუთრებისა თუ სხვა უფლებების შეზღუდვა აფხაზურ საზოგადოებაში არ იწვევს რეაქციას ან პროტესტს. ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ეს მათ, აფხაზებს არ ეხებათ.

არის რამდენიმე მიზეზი იმისა, რამაც აფხაზური საზოგადოება ასეთი სუბიექტური გახადა კანონსა და დანაშაულთან დამოკიდებულებაში.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ომითა და მისი შედეგებით არის გამოწვეული. ომის დროს და შემდეგშიც მათი მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე აფხაზურ საზოგადოებას რეფლექსია არ მოუხდენია. ომის ყველა მონაწილე ვეტერანი დაჯილდოებული და დაფასებულია. მათი საქმე წმინდაა და განხილვას არ ექვემდებარება. მაგრამ დისკუსია ამ თემაზე საჭირო იყო არა ვინმესთან შესარიგებლად, არამედ – საკუთარი თავის გაჯანსაღებისთვის. ყველა დანაშაული მიეწერება ომს, მაგრამ ომი ვერ ხსნის მეზობლის მიტოვებული სახლის დასაკუთრებას ან მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვას. ომი პირველ რიგში ძალადობაა და თუკი საზოგადოება კიდევ დიდხანს ჩათვლის, რომ არააფხაზი მოსახლეობის წიანაღმდეგ ჩადენილი ქმედებები მხოლოდ ომით აიხსნება, ისინი კანონს ყოველთვის სუბიექტურად შეაფასებენ.

ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთის ომს საზოგადოებრივი მხარდაჭერა მუდმივად აკლდა. ამან ომის მსვლელობაზე უარყოფითი როლი ითამაშა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იგივე გარემოებებმა ხელი შეგვიწყვეს ომის გაანალიზებაში, საკუთარი შეცდომების დანახვაში. საზოგადოება შეთანხმდა, რომ უკანონობა და კანონის საკუთარ თავზე, ერთ ეთნიკურ ჯგუფზე მორგება არასწორია. მას ცუდი შედეგი მოაქვს ყველასთვის. ბოლო თვეებში თბილისში გამოვლენილი პროტესტი არა იმდენად კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ამ მენტალობისა და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაა. თანასწორობა და თავისუფლება უმთავრესი მოთხოვნა გახდა და რაც უფრო იცვლებიან თაობები, მით უფრო შეუქცევადია ეს პროცესი.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც აფხაზური საზოგადოება დროში გაყინა, არის  რუსული სამყარო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთნაირი სურათია: ცხოვრებას ძალა, ხშირ შემთხვევაში უხეში, ფიზიკური ძალა აწესრიგებს. კავკასია ემორჩლება რუსეთს, რადგან ის მათზე ძლიერია. ხოლო თავად ცალკეულ რესპუბლიკებში ეს ძალა კონცენტრირებულია ერთი გვარის, კლანის ან ეთნიკური ჯგუფის ხელში. ვის ხელშიც არის ძალა – ის წყვეტს, რა არის სწორი, კანონიერი და სამართლიანი.

სამწუხაროდ, დღევანდელი აფხაზეთი სწორედ ასეთი რუსული კავკასიის ნაწილია, ეს სივრცე კი საზოგადოებრივი ცხოვრების ვერც ერთ სფეროში მისაბაძ მაგალითს ვერ გვიჩვენებს. მცირერიცხოვან ერებს გვჭირდება მისაბაძი მაგალითები: ჩვენ დასავლეთს ვირჩევთ, ისინი – რუსეთს.

აფხაზური ამბიცია, გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები, დასრულდა იმით, რომ მათი სახით რუსეთმა კიდევ ერთი კავკასიური რესპუბლიკა შექმნა და სრულად დაიქვემდებარა. ყოველი წლის 21 მაისს კი უფლება ეძლევათ გაიხსენონ კავკასიური ომების მსხვერპლები, მხოლოდ ერთი პირობით: ომის წამომწყები და დამნაშავე არ ახსენონ. სამაგიეროდ 14 აგვისტოს და 27 სექტემბერს შეუძლიათ გაიხსენონ ომის წამომწყები და დამნაშავე ქართველები, ისიც იმ ერთი პირობით, რომ უფროსი ძმის როლი შემთხვევით არ დაივიწყონ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი