ახალი ამბები

ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დაშავდა

7 დეკემბერი, 2019 • 1554
ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტა“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის – 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი