ახალი ამბები

აღიარეთ, რომ პროექტს ვერ ახორციელებთ – ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს

6 დეკემბერი, 2019 • 1275
აღიარეთ, რომ პროექტს ვერ ახორციელებთ – ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი  “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდეს აღიაროს, რომ პორტის პროექტს ვერ ახორციელებს.

როგორც სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაია ცქიტიშვილი კონსორციუმის დირექტორ ლევან ახვლედიანს შეხვდა და უთხრა, ქვეყნის ინტერესებზე ფიქრის მოტივით, აღიაროს, რომ ამ პროექტს ვერ ახორციელებენ.

“ვაღიაროთ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე,” – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი რაც შეიძლება მალე სჭირდება.

“ამ პირობებში ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორი, ინვესტორი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები, პირველ რიგში, დაფინანსების მოპოვებაში და შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაში და ეს გრძელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ალბათ, უნდა შევთანხმდეთ ყველანი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ორი წლის განმავლობაში კი უშედეგოდ ხდება გადავადება და ახლა, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის და შესაბამისად პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილი ასევე ამბობს,რომ კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.

კონსორციუმს სამინისტროსთვის ახალი ინვესტორი ჯერ არ წარუდგენია – ცქიტიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი