ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრემლის მოულოდნელი მხარდაჭერა ფაშინიანს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხედვაში

6 დეკემბერი, 2019 • 1933
კრემლის მოულოდნელი მხარდაჭერა ფაშინიანს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხედვაში

ავტორი: ნორიკ გასპარიანი


ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი სომხეთის ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ფაშინიანის ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარების ახალი გზების პოვნას ცდილობს და ინიციატივებს სთავაზობს როგორც აზერბაიჯანულ მხარეს, ასევე, მინსკის ჯგუფს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების გზები მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც. ამ კონტექსტში რუსეთის პოზიცია არანაკლებ საინტერესოა.

მოსკოვმა ამ საკითხში ფაშინიანს მხარი დაუჭირა, ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი კი ამ კონტექსტში ირიბად გააკრიტიკა.  ყოფილი პრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანის და სერჟ სარგსიანის მომხრეთა საპასუხო გზავნილი კი ისაა, რომ ფაშინიანი თითქოს აპირებს ყარაბაღის ნაწილის აზერბაიჯანისთვის დათმობას. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 10 ნოემბერს შედგა. ეს ლავროვის პირველი ვიზიტი იყო სომხეთში, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და თავის სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. 

შეხვედრების დროს მხარეებმა თითქმის ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას – ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობები, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები, ვაჭრობა, ეკონომიკა და ა.შ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსაც. 

ამასთან დაკავშირებით ლავროვმა სომეხ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს სომხეთის ახალი ხელისუფლების განცხადებაზე, რომ მთიანი ყარაბაღი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ლავროვმა უპასუხა, რომ “მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე შეუძლებელია რაიმე შეთანხმების ფორმულირება და მოლაპარაკებების მონაწილეების შესახებ შეთანხმებას კონფლიქტის მხარეებმა უნდა მიაღწიონ”.  

ლავროვმა ასევე გაიხსენა, რომ მთიანი ყარაბაღი თავის დროზე მონაწილეობდა კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა “სომხეთის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებების დროს თავად ყოფილიყო როგორც სომხეთის, ისე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი”. 

ლავროვის ეს განცხადება განსაკუთრებული დისკუსიის საგანი გახდა სომხეთში – ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მსჯელობდნენ იმაზე, თუ კონკრეტულად  სომხეთის რომელ პრეზიდენტს გულისხმობდა ლავროვი.

განცხადება იმის შესახებ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებით კმაყოფილი უნდა იყოს როგორც სომხეთის, ისე მთიანი ყარაბაღის და ასევე, აზერბაიჯანის მოსახლეობა, პირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. 

მან სომხეთის ნაცონალური კრების ტრიბუნიდან განაცხადა, რომ “ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხერხდეს ისე, რომ ერთნაირად მისაღები იყოს სომხეთის, ყარაბაღის და აზერბაიჯანის ხალხისთვის”. 

მოგვიანებით ფაშინიანმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “მსგავსი განცხადება, ქვეყნის პირველი პირის დონეზე, პირველად კეთდება და დასძინა, რომ ეს არის მოლაპარაკებების პროცესის პროგრესის სერიოზული წინაპირობა, თუმცა ამ საკითხის შემდგომი განვითარება არ ხერხდება, რადგანაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი იმავე პოზიციაზე არ დგას”.  

ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ვერ შეეკამათება ფაშიანიანს ამ საკითხში” და ”საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპებიდან უნდა მომდინარეობდეს”.

“ნებისმიერი შეთანხმება, განსაკუთებით ასეთი რთული პრობლემის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა ეყრდნობოდეს კომპრომისებს და ჩვენ, როგორც თანაპრეზიდენტები (მინსკის ჯგუფის), ისე უნდა მოვიქცეთ, რომ წარმოადგინოს ამ კონფლიქტის მხარეების ინტერესთა რეალური ბალანსი”, – განაცხადა ლავროვმა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის ვიზიტამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა აზერბაიჯანში რუსეთის ელჩი, მიხეილ ბოჩარნიკოვი და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების, კერძოდ კი, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის, მასის მაილიანის და განათლების მინისტრ ლერნიკ ჰოვჰანისიანის მიღებასთან დაკავშირებით პროტესტის ნოტა გადასცა. ლავროვის უწყებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიზიტი კერძო ხასიათის იყო და, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგებოდა არც რუსეთის კანონმდებლობას და არც საერთაშორისო შეთანხმებებს.

თუ ლავროვის პირველი განცხადება იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი ეთანხმება ფაშინიანის პოზიციას, მეორე განცხადება სომხეთის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო სკანდალური აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ლავროვმა, კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებიდან მთიანი ყარაბაღის გასვლისთვის გააკრიტიკა სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელსაც აქამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრად მიიჩნევდნენ. 

როდესაც რევოლუციის შემდეგ ქოჩარიანი დააკავეს, პუტინმა ციხეში მყოფ ქოჩაირანს დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. მოგვიანებით, როდესაც პუტინი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, ქოჩარიანის მეუღლეს, ბელა ქოჩარიანს შეხვდა. ქოჩარიანის მომხრეები პუტინის ამ ნაბიჯს შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა 3 კატეგორია არსებობდა: (1) ორმხრივი (ქვეყნის პირველი პირების მონაწილეობით), (2) მინსკის ჯგუფის ფარგლებში და ასევე (3) სამმხრივი, სადაც მონაწილეობდნენ სომხეთის, მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლები. ლავროვის განცხადება ზუსტად ამ მესამე ვარიანტს ეხებოდა.

ომის დროსაც და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, 1997 წლამდე, მოლაპარაკებების ამ ფორმატში სამი მხარე არსებობდა – სომხეთი, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანი. ბოლოს ასეთ ფორმატში მოლაპარაკებები 1997 წელს მოსკოვში გაიმართა. მაშინ სომხურმა მხარემ მოლაპარაკებები იმ მოტივით დატოვა, რომ აზერბაიჯანს სურდა, მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად წარმოებულიყო, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის საზღვრებში, ფართო ავტონომიით.

ეს ფორმატი, მაშინდელი პრეზდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მონაწილეობით, ბოლო მოლაპარაკება აღმოჩნდა. 1998 წელს სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, კერძოდ კი თავდაცვის მინისტრ ვაზგენ სარგსიანის მოთხოვნით ლევონ ტერ-პეტროსიანმა დატოვა პრეზიდენტის პოსტი. რობერტ ქოჩარიანი ტერ-პეტროსიანმა ყარაბაღიდან მიიწვია და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ქოჩარიანი ჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, შემდეგ კი 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ქოჩარიანი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა დაიძაბა და ისინი საპირისპირო ბანაკებში აღმოჩნდენენ.

უკვე 1999 წელს დაიწყო ახალი მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის, მაგრამ 2 ფორმატით. ეს იყო მინსკის ჯგუფი და ორმხრივი ფორმატი. მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი აღარ გაიმართა.

ქოჩარიანს ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მას შეეძლო ყოფილიყო როგორც სომხეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი. ის ასევე ამბობდა, რომ ჯობია ორმხრივი მოლაპარაკებები, რადგან ამ ფორმატში მონაწილობდა ორივე ქვეყნის პრეზიდენტი.

პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბაღის სახელით თავად ვერ გამართავდა. 

“ამ მოლაპარაკებებში მე წარმოვადგენ სომხეთის რესპუბლიკას. მე ვერ წარმოვადგენ არწახის (მთიანი ყარაბაღის) რესპუბლიკას. ყარაბაღის მოქალაქეები ხომ არ მონაწილეობდნენ სომხეთის არჩევნებში”, –  განაცხადა ფაშინიანმა.

ლავროვის ორივე განცხადება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სომხეთისთვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამით მხარდაჭერას გამოხატავს ფაშინიანის მიმართ, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე წამოყენებულ ახალ ინიციატივაზე. ოფიციალურად რუსეთი უკვე დათანხმდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომ კონფლიქტის მოგვარება ყველა მხარისთვის უნდა იყოს მისაღები. 

ლავროვის მეორე განცხადება კი საკმაოდ ძლიერი დარტყმა იქნებოდა სომხეთის მეორე პრეზიდენტისთვის, რობერტ ქოჩარიანისთვის, რომელიც ცნობილი იყო თავისი აგრესიული საგარეო პოლიტიკით. ქოჩარიანის მომხრეები მას აღიქვამდნენ ძლიერ ლიდერად, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა მოგვარებულიყო მისი მონაწილეობით. ლავროვის ბოლო განცხადება კი ნიშნავდა იმას, რომ მთიანი ყარაბაღის არმონაწილეობა მოლაპარაკებებში კონფლიქტის მოგვარების საკითხში უკან გადადგმული ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი