ხუნდაძე საპატრიარქოს სინოდის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას დემოგრაფიული განვითარების პროგრამა.
ხუნდაძის თქმით, ორი წლის წინ სწორედ ამ მიზნით დაიწყეს მუშაობა დემოგრაფიულ ინიციატივებზე და დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ ამ მიმართულებით 80 მილიონზე მეტი უკვე დახარჯა, რაც მოიცავს უფასო მშობიარობას, დეკრეტული შვებულების გაზრდას, ორსული ქალების მედიკამენტებით უზრუნველყოფას, აბორტების წინააღმდეგ სამი მნიშვნელოვანი კანონის ამოქმედებასა და საქართველოს 6 რეგიონში შობადობის ფინანსურ წახალისებას 2 წლის მანძილზე- ბარში 150 ლარის, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით.
დიმიტრი ხუნდაძის აზრით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, რომლის მუშაობითაც საქართველოში შობადობამ 3000-ით იმატა, შემცირდა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი და 9000-ით შემცირდა აბორტების რაოდენობა.
“ვეთანხმები მის უწმინდესობას, აუცილებელია შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება 2050 წლამდე, ანუ ერთ დემოგრაფიულ თაობაზე. როდესაც ეკლესიას მუდმივად ერის მაჯაზე უდევს ხელი, შეუძლებელია ის ერი გაქრეს. დღეს ეკლესია და სახელმწიფო ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდა და ელის საზოგადოების ჩართულობას“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სინოდის დღევანდელი სხდომაზე, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა, რამდენიმე საკითხი განიხილეს – მათ შორის, სკოლებში დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შეტანა.