თბილისის მერიის ცნობით, მერიის პავილიონში, რომელიც ცისფერი გალერეიდან ფურცელაძის ქუჩის დასაწყისამდე იქნება განთავსებული, წარმოდგენილი იქნება თბილისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების და სხვა პროექტების გამოფენა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.
პავილიონში ასევე გამოიფინება გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციია, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
წარმოდგენილი იქნება ასევე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, რომლის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პავილიონში წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიისა და “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” ახალი პროექტი – “სითი ფორუმი – ერთად ვიზრუნოთ თბილისზე”. პროექტის მიზანია ქალაქის დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.
პავილიონის გვერდით განთავსდება სცენა, რომელზეც თბილისის ტანვარჯიშის ფედერაციის სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშის პროგრამას წარმოადგენენ. იქვე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები საკუთარ ნახატებს გამოფენენ.
მერიის დაპირებით, პავილიონის მიმდებარედ დეკორატიული სკვერი იქნება, სადაც მევიოლინე ბავშვები კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. იქვე ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მთელი დღის განმავლობაში საკუთარ პროგრამას წარმოადგენს. ტერიტორიაზე ასევე იმოძრავებენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“ ანიმატორები.
პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გაიმართება ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში”, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება. ყვავილების ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე ბავშვთა სასულე ორკესტრი კონცერტს გამართავს.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი მუსიკალური პროექტი „ჩემო ციცინათელა“ იქნება, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართება, რომელზეც 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის პერიოდის სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. მაყურებელი იხილავს საინტერესო კომპილაციებს, მოისმენს ახალ დუეტებს, შეხვდება ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკმუსიკის ვარსკვლავებს.
ქალაქ ბათუმის მერია აცხადებს, რომ 26 მაისს, 12 :00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხარეს, ცაში გაეშვება სხვადასხვა სახის მოხატული ფრანი და 40-80 კვ. მეტრის მოცულობის საქართველოსა და ლიტვის დროშები. სანახაობა 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.
15:00 საათზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ავსტრიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 23 ავსტრიელი მხატვრის 50 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ნამუშევრები. ასევე, გამოიფინება პლენერის ფარგლებში შექმნილი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. პლენერი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარლგებში განხორციელდა.
14:00 – 17:00- მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კოლონადებთან აფხაზ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა; ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და კონცერტი.
16:00 საათზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დამატებითი სივრცე- გალერეა გაიხსნება, სადაც მოეწყობა თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოფენა.
ამის პარალელურად, გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება:
11:00 – 6 მაისის პარკის ცენტრალური შესასვლელი. შეჯიბრი მკლავჭიდსა და ქართულ ორთაბრძოლაში.
11:00 – ბათუმის ბულვარი, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩა). შეჯიბრი ბილიარდსა და მაგიდის ჩოგბურთში;
12:00- 6 მაისის პარკის ტბის გარშემო გარბენი გოგოებსა და ვაჟებს შორის.
12:00- ბულვარის ტერიტორია (ყოფილი შაუმიანის ქუჩის ბოლო) პლომინატი. შეჯიბრი ქუჩის ხელბურთში.
20:00 საათზე ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიტანენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის მსვლელობისას თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმპიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთებს პირველ ჩირაღდანს.
ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლი პიაცაზე განთავსდება, სადაც ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი გაიმართება.
ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები: მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში.
28 მაისს ჩირაღდნის გადატანა მოხდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 29 მაისს ოლიმპიურ ცეცხლს ადიგენში ჩაიტანენ, ხოლო 14 ივლისს ქობულეთი გახდება ოლიმპიური ცეცხლის მასპინძელი.