ახალი ამბები

მირზა შაფის პროექტის კორექტირებული ვერსია საკრებულოს კომისიამ მოიწონა

10 აგვისტო, 2015 • • 1460
მირზა შაფის პროექტის კორექტირებული ვერსია საკრებულოს კომისიამ მოიწონა

პროექტის განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სხდომას ესწრებოდნენ პარტიზანი მებაღეები. განხილვის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთმა მათგანმა – ნატა ფერაძემ სხდომის გადატანა მოითხოვა. ფერაძე ამტკიცებს, რომ საკრებულოს ვებ-გვერდზე სხდომის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა განთავსებული და მსგავსი საკითხის განხილვა უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე უნდა მოხდეს. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხდომის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, სხდომის გადატანა მხოლოდ კომისიის წევრების კომპეტენციაა და საკრებულოში თემა განსახილველად ერთი კვირის წინ შევიდა და სხდომის ანონსი ხელმისაწვდომი იყო საიტზეც.

 

სხდომაზე განსახილველად გამოტანილი პროექტის ახალი ვერსია ძველთან შედარებით 4000 კვ. მეტრით შემცირდა – შენობას მოაკლდა ზედა რამდენიმე სართული და შემცირდა პარკინგზონა. არქიტექტურული კომპანია ”დემარკი” გაღებულ მსხვერპლზე საუბრობს:

 

”პროექტი გადაიხედა ქალაქის ინტერესის გათვალისწინებით, შემცირდა მისი მოცულობა, რაც როგორც ინვესტორს, რა თქმა უნდა, გვაზარალებს. მაგრამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თვალი დავხუჭეთ ამ ფაქტზე. ეს არის უკვე მე-7 შესწორებული პროექტი. თავის დროზე პროექტი შეირჩა კანონის დაცვით, კომისიაში იყვნენ წარმომადგენლები თითქმის ყველა სფეროდან,”- აცხადებს გიორგი სვანიძე, პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი.

 

როგორც კომპანია ”დემარკის” არქიტექტორი ვლადიმერ აბრამიშვილი ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ კონკურსში კომპანიის კონცეფციამ გაიმარჯვა და არა ზუსტმა პროექტმა, ახლა შემცირდა უბრალოდ პროექტის ზომები და კონცეფცია იგივე დარჩება.  

 

სხდომის ზოგიერთი მონაწილის აზრით, მოცულობის ცვლილება მოცემულობას არ ცვლის. საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი ახალი კონკურსის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

 

”რატომ განვიხილავთ პროექტის კორექტირებულ ვერსიას? შემცირებული ფართობი იძლევა უკვე ახალ გარემოს, ახალ პირობებს და გამოვდივარ ინიციატივით, ჩავატაროთ ახალი კონკურსი და ”დემარკმა” ისევ მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში აშენდება და ან შევრცხვებით ან ვიამაყებთ მერე საუკუნეების განმავლობაში,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ელისაშვილის ინიციატივას კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრის, ნუგზარ მალაღურიძის თქმით, საუბარი ადვილია, როდესაც საქმე სხვის ფულს ეხება. ასევე, გიორგი სვანიძეს, ამდენი განხილვის შემდეგ განმეორებითი კონკურსის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

სხდომის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, კონკურსი ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ამ ეტაპზე პროექტის შეჩერება გამორიცხულია.

 

”საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური პირები. დღეს, კიდევ ერთხელ გადაიხედა ის ცვლილებები, რაც შევიდა ამ პროექტში. მივეცით დადებითი რეკომენდაცია და გადაეგზავნა საკრებულოს განსახილველად. ძალიან ბევრი პროექტი მაქვს ნანახი, მაგრამ ამაზე უკეთესი პროექტი ამ ადგილზე ასაშენებლად მე ვერ წარმომიდგენია,”- აცხადებს ბაბუნაშვილი.

მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი 60 მილიონიანი ინვესტიციაა, რომლის აშენებაც პროექტის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში იგეგმება. როგორც, ინვესტორები ამბობენ, მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.  

 

მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი
მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი

მასალების გადაბეჭდვის წესი